ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან

მამუკა ჟღენტი: თუ რუსეთი კომპენსაციას არ გადაიხდის, მთავრობას ვურჩევდი, თავად გადაიხადოს 

საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, მამუკა ჟღენტის მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 2006 წელს ქართველების დეპორტაციისთვის 10 000 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა

დაფუძნებიდან დღემდე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილ იქნა 30-მდე სახელმწიფოთაშორისო სარჩელი. უმრავლესობა მათგანი იყო ევროპული კონვენციის ერთი მონაწილე სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილი, თუმცა იყო რამდენიმე საქმე, როდესაც რამდენიმე სახელმწიფო უჩიოდა ერთ სახელმწიფოს. აღნიშნულ საქმეთა დიდი უმრავლესობა ან დაუშვებლად (inadmissible) იქნა მიჩნეული სტრასბურგის სასამართლოს მიერ ან დასრულდა ე.წ. მეგობრული შეთანხმებით (friendly settlement) მხარეთა შორის.

21-ე საუკუნეში ევროპულმა სასამართლომ მიიღო 13 სახელმწიფოთაშორისი სარჩელი. ერთი სარჩელი შეიტანა ხორვატიამ სლოვენიის წინააღმდეგ. 4 სარჩელი საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ (აქედან ერთ საქმეზე დადგა სასამართლოს გადაწყვეტილება, ერთი საქმე იქნა შეწყვეტილი და 2 საქმეზე მიმდინარეობს საქმისწარმოება). უკრაინამ შეიტანა 8 სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ (აქედან ერთ საქმეზე საქმის წარმოება შეწყვეტილია და 7 საქმე განხილვის სტადიაშია).

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს დღემდე დიდი პრობლემები კონვენციით მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაში სახელმწიფოთაშორის საქმეებზე არ შექმნია. რაც შეეხება ფულადი ანაზღაურების საკითხს (just satisfaction&fees), მას მხოლოდ ერთხელ მოუწია ამ თემასთან შეხება საქმეზე “დანია თურქეთის წინააღმდეგ” და მაშინაც თურქეთმა დროულად აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და თურქული წარმოშობის დანიის მოქალაქეს დაკისრებულ ვადაში გადაუხადა შესაბამისი თანხა.

ამასთან, ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციის დარღვევაში დადანაშაულებული სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს მოქალაქისთვის თანხის გადახდის თემა საკმაოდ აქტუალური და პრობლემატური კი ყოფილა მინისტრთა კომიტეტში. თუმცა, ეს არ ეხებოდა სახელმწიფოთაშორის საქმეს. ყველაზე ცნობილი და ჩვენთვის საინტერესოა საქმე ბერძენი კვირპოსელის ტიტინა "ლოიზიდუს საქმე თურქეთის წინააღმდეგ".

სტრასბურგის სასამართლოს თურქეთი დაავალდებულა ქალბატონი ლოიზიდუსთვის თანხის გადახდა 1998 წელს. თუმცა, თურქეთმა აღნიშნული თანხა გადაიხადა მხოლოდ 2003 წელს, რაც რეალურად მოჰყვა მინისტრთა კომიტეტში უაღრესად მწვავე პროცესებსა და იქამდე უპრეცედენტო გადაწყვეტილებებს ამ ორგანოს მხრიდან. მაშინაც კი, როდესაც თურქეთმა თანხა გადაიხადა, მან უარი თქვა თანხის პირდაპირ დაზარალებულისთვის გადარიცხვაზე და ანგარიშსწორება ევროპის საბჭოს შუამავლობით განხორციელდა. კერძოდ, თანხა ჩაირიცხა ევროპის საბჭოს ანგარიშზე და ევროპის საბჭომ გადაუხადა ქალბატონ ლოიზიდუს.

აღსანიშნავია, რომ გარდა თანხისა, სასამართლოს გადაწყვეტილება ეხებოდა შინაარსობრივ საკითხებს და მოიცავდა როგორც საერთო ასევე ინდივიდუალურ ზომებს, რომლებიც უნდა განეხორციელებინა თურქეთს კონვენციის დარღვევათა აღმოსაფხვრელად. საქმე დღემდე არ არის დახურული მინისტრთა კომიტეტში და 2018 წელს, თურქულმა დელეგაციამ დემონსტრაციულადაც კი დატოვა კომიტეტის ერთ-ერთი სხდომა ამ მიზეზით.

ასევე საგულისხმოა, რომ 2003 წელს, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 5 წლის თავზე, როდესაც თურქეთმა გადაიხადა მილიონ ევრომდე, მის მიერ იქნა დაყენებული პირობა, რომ აღნიშნული ფაქტი არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული როგორც პრეცედენტი და არ გავრცელდებოდა სხვა მსგავს სარჩელებზე თურქეთის წინააღმდეგ. 2003 წელს აღნიშნულს მხარი დაუჭირა კომიტეტის დიდმა უმრავლესობამ. თუმცა, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს ამ მიდგომას საბერძნეთისა და კვიპროსის დელეგაციებმა. საქართველოს მაშინდელი ელჩის, ლანა ღოღობერიძის დავალებით წარმოვადგენდი საქართველოს ხსენებულ სხდომაზე, რომელიც კომიტეტის ისტორიაში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ სხდომად, როდესაც საბერძნეთის ელჩმა ყავის ფინჯანი ესროლა სხდომის ჰოლანდიელ თავმჯდომარეს, ხოლო კვიპროსის ელჩმა საჯაროდ გაიხსენა ნიდერლანდების წარსული და სხდომის თავმჯდომარეს, ჰოლანდიის ელჩს, დააბრალა ისტორიული კანიბალიზმის თანამედროვეობაში გადმოტანა.

რუსეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია დაკისრებული თანხის გადახდა და სამართლიანობა ითხოვს იმის აღნიშვნას, რომ მიუხედავად უაღრესად ბევრი წაგებული საქმისა, რუსეთი დღემდე, პირნათლად იხდიდა მასზე დაკისრებულ გადასახადებს. იხდიდა ისეთ პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზეც კი რაც ეხებოდა ჩეჩნეთის ომების დროს უგზოუკვლოდ გაუჩინარებულთა და დაღუპულთა საკითხებს, ასევე რამდენადაც მახსოვს გადახდილი აქვს თანხა სასამართლოს მიერ იუკოსის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსასრულებლად. თუმცა, რუსეთის ახალი ე.წ. პუტინ-ზორკინის სამართლებრივი დოქტრინისა და ევროპის საბჭოში რუსეთის გარშემო დღეს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, არ მაქვს დიდი იმედი, რომ რუსეთი დაკისრებულ ვადაში აღასრულებს გადაწყვეტილების ამ ნაწილს და შესაბამის თანხას გადაუხდის საქართველოს. სამწუხაროდ, და ამას ლოიზიდუს საქმეც ადასტურებს, ვინც იმედოვნებს, რომ ამის გამო რუსეთს დაუყოვნებლივ გარიცხავენ ევროპის საბჭოდან, ცდება. ეს შეიძლება აიხსნას როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური გარემოებებით.

კერძოდ, 2019 წლის ნოემბერს, მინისტრთა კომიტეტის (CMD) 6-თვიანი თავმჯოდმარეობა გადმოეცემა საქართველოს. რაც ასევე იმას ნიშნავს, რომ უკვე 2019 წლის მაისს, საქართველო 6 თვით ჩაიბარებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების კომიტეტის (CM-DH) თავმჯდომარეობას. ამასთან, არსებობს დაუწერელი წესი, როდესაც თავმჯდომარე სახელმწიფო თავმჯდომარეობისას თავს იკავებს საკუთარი საკითხების ლობირებისგან. აღნიშნული წესის დარღვევა ნამდვილად მიუღებელია, ვნებს ქვეყნის ავტორიტეტს და მეც ვურჩევ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს ამ წესს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პროცედურული გამოსავალი, როდესაც თუ საკითხი ეხება თავმჯდომარე სახელმწიფოს, ამ კონკრეტული საკითხის განხილვისას სხდომას თავმჯდომარეობს კომიტეტის მომდევნო თავმჯდომარე, ეს უფრო იოლ საკითხებს ეხება და თუ თემა ზედმეტად პოლიტიკურია, ზემოხსენებუული დაუწერელი წესი რჩება ძალაში. შესაბამისად, იმ მომენტისთვის როდესაც რუსეთს უწევს თანხის გადახდა ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, რუსეთს მოუწევს პასუხის გაცემა თანხის გადახდაზე, თავმჯდომარის სკამზე იჯდება საქართველოს ელჩი. საქართველოს შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარეობას გადაიბარებს საბერძნეთი (რიგითობით უნდა ყოფილიყო გერმანია, მაგრამ ურთიერთშეთანხმებით, გერმანიამ და საბერძნეთმა გაცვალეს თავმჯდომარეობის ვადები). საბერძნეთს ამ მომენტისთვის ასევე ექნება მოსაგვარებელი ევროპის საბჭოს ბიუჯეტში რუსეთის შენატანის საკითხი (ე.წ. რუსული კრიზისი ევროპის საბჭოში), რომელიც ვეჭვობ გადაწყდეს საფრანგეთის თავმჯდომარეობისას, რომელიც თავმჯდომარეობს კომიტეტს საქართველომდე, ისევე როგორც საქართველოს მიერ კომიტეტის თავმჯდომარეობისას (დიდი ალბათობით ჩვენით თავმჯდომარობისას თემას გაყინავენ). შესაბამისად, საბერძნეთისთვის და მთლიანად კომიტეტისთვის საკმაოდ რთული იქნება რუსეთთან ორ ფრონტზე გამკლავება, რადგან ორივე თემა და განსაკუთრებით კი “კრიზისის” თემა მოითხოვს მოლაპარაკებებს და მიუხედავად არსებული წესდებისა, მხოლოდ კუნთებით და მოთხოვნებით, სამწუხაროდ აღნიშნული საკითხი ვერ მოგვარდება. შესაბამისად, თუ რუსეთმა არ გამოიჩინა მისი “ბულდოზერული დიპლომატიისათვის” მიუღებელი გამჭრიახობა და დროულად არ გადაიხადა გადასახადი, საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება თუ რეალურად როდის შეძლებენ ჩვენი დაზარალებული მოქალაქეები ევროპის სასამართლოს მიერ მათ სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების სიკეთეებით სარგებლობას.

უფასო რეკომენდაციები ედინოროსებს და ქოცებს: ედინოროსებს ვურჩევ თანხის დროულად გადახდას. ევროპის საბჭოდან წასვლას ისედაც არ აპირებენ და ამ შემთხევაში, თანხის გადახდა ადრე თუ გვიან მაინც მოუწევთ. რაც უფრო ადრე, მათთვის უკეთესია და ამით გაიადვილებენ სხვა საკითხების “მოგვარებას” ევროპის საბჭოში. ქოცებს კი ვურჩევ, ერთხელ მაინც გამოიჩინონ პოლიტიკური გამჭრიახობა და გადადგან მამაცი ნაბიჯი. 

მე ვურჩევდი, გადადგან უპრეცედნტო ნაბიჯი. თაფლის შეძენის, რ2 ის საქმეზე მილიონების გადაყრის და სხვა უაზრო ხარჯების ნაცვლად, მაისში CM-DH-ის თავმჯდომარეობის დაკავების პარალელურად, თუ რუსეთის მხრიდან თანხა ჯერ კიდევ არ იქნება გადმორიცხული, საქართველომ თვითონ გაუსტუმროს ჩვენს დაზარალებულ მოქალაქეებს სასამართლოს მიერ მათზე მინიჭებული თანხა, ხოლო რუსეთის გადასახდელი თანხა, როგორც ნებაყოფლობითი შემოწირულობა, დაუტოვოს ევროპის საბჭოს ბიუჯეტს. თუ რა დივიდენდებს მოუტანს ქვეყანას ეს მიდგომა, აქ არ განვავრცობ, ვინაიდან აღნიშნული საკმაოდ თვალნათელი უნდა იყოს ქართული ოცნების ხელისუფლებისთვისაც. სტრასბურგში ჩემი მუშაობისას რომ დამდგარიყო აღნიშნული საკითხი, მიუხედავად საკმაოდ სოლიდური თანხისა, ასეთი მიდგომის არჩევის ალბათობას ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან შევაფასებდი 70/30-ზე, დღეს კი ალბათ 10/90-ზე.

მოკლედ, ვნახოთ.

კომენტარები