მოლდოვა

მოლდოვაში დაგეგმილი არჩევნების წინ Facebook-მა 200-მდე ანგარიში გააუქმა

EPA

Facebook-მა 200-მდე ანგარიში გააუქმა, რომლებიც მათი თქმით ავთენტური არ იყო და ზოგიერთი მთავრობის მოხელეებსაც უკავშირდებოდა.

Facebook-ის მიერ გაუქმებულ ანგარიშებზე შეარდებოდა მანიპულირებული ფოტოები, ზოგიერთი მათგანი თავს ადგილობრივ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციადაც ასაღებდა და იწერებოდა სენსიტიურ საკითხებზე, მათ შორის სკოლებში რუსული და ინგლისური ენების სავალდებულო სწავლების, რუმინეთთან გაერთიანების და სხვა თემებზე.

სულ წაიშალა 168 ანგარიში, 28 გვერდი და ინსტაგრამის 8 ანგარიში.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ხალხი საკუთარი იდენტობის დამალვას ცდილობდა, ჩვენმა შემოწმებამ აჩვენა, რომ ზოგიერთი მათგანი მოლდოვის მთავრობის თანამშრომელია... ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ასეთი აქტივობების აღმოსაჩენად და შესაჩერებლად, რადგან არ გვსურს, რომ ჩვენი სერვისები ხალხის მანიპულაციისათვის გამოიყენონ." ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.

ქვეყანაში ახალი სისტემით საპარლამენტო არჩევნები 24 თებერვალს გაიმართება.

პოლიტიკური პარტიები პრო-ევროპულ და პრო-რუსულ ძალებად არიან დაყოფილი. მიუხედავად საარჩევნო კომისიის მოწოდებისა, პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ღიად დაუჭირა მხარი სოციალისტურ პარტიას.

ქვეყანაში აშშ-ის ელჩმა მოლდოველებს "ნათელი, სასიკეთო და დემოკრატიული გზის" არჩევისაკენ მოუწოდა. რუსეთი აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს. მათი თქმით აშშ მოლდოველებს ურთიერთობის გაწყვეტით ემუქრება, თუ პრო-ევროპულ პარტიებს არ დაუჭერენ მხარს. თავის მხრივ ლიბერალური პარტია ამბობს, რომ პრეზიდენტის პრო-რუსული დამოკიდებულება მოსახლეობას თავს ახვევს აზრს, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება მხოლოდ სოციალისტური პარტიის არჩევის შემთხვევაშია შესაძლებელი.

გასულ თვეს Facebook-მა მსგავსი ინდონეზიური, ირანული და რუსული ანგარიშებიც წაშალა.

კომენტარები