ე.წ ქართული მარში

ბრეგაძე: 15-დან 30 ივნისამდე ყველა ცენტრალურ გამზირზე ქართული მარშის აქციები გაიმართება

ქართული მარში

"შევიტანეთ მერიაში განაცხადი, რომლის მიხედვითაც ქართულ მარშს, კანონის მიხედვით, 15 ივნისიდან 30 ივნისამდე დაკავებული ექნება თბილისის ყველა ცენტრალური გამზირი აქციების გასამართად, ვერავინ სხვა ვერ მოახერხებს იქ გეი აღლუმის გამართვას", - ამბობს ძალადობრივი ჯგუფის ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.

მისივე თქმით, ქართულმა მარშმა გამოაცხადა სრული მობილიზაცია და ისინი არ დაუშვებენ ლგბტქი პრაიდის გამართვას, - "ჩვენ გვამებზე მოუწევთ გადავლა და ისე ამ გარყვნილების ზეობის ჩატარება", - ამბობს ე.წ ქართული მარშის ლიდერი.

ამ განცხადებასთან დაკავშირებით ტაბულა შსს-ს კომენტარს ელოდება.

ბრეგაძემ მუქარის შემცველი შეტყობინება გუშინ ქართული მარშის ფეისბუქ ლაივის დროსაც გაავრცელა. თავის გამოსვლაში მან მხარდამჭერებს ძალადობისკენ და სპეცრაზმთან დაპირისპირებისკენაც მოუწოდა.

"მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას. თუ უნდა სპეცრაზმთან ერთად წამოიყვანოს მამათმავლები და მათთან ერთად შეგვებრძოლოს ჩვენ. არავისი არ გვეშინია. სისხლის ბოლო წვეთამდე შეგებრძოლებით. ბოლომდე დაგიდგებით. ჩვენთვის იქნებით, ისეთივე დამპყრობლები, როგორიც იყო მე-11 არმია, როგორიც იყო ჯალალედინი, როგორიც იყო მურვან ყრუ, როგორიც იყო შაჰ-აბასი და როგორიც იყო აღა-მაჰმად-ხანი ხანი და სხვა მტრები, მოღალატეები. ისევე მოგეპყრობით როგორც ეპყრობოდნენ ჩვენი წინაპრები მოღალატეებს. არ გვეშინია  არც თქვენი ნიღბიანების და არც თქვენი სპეცრაზმის." - თქვა სანდრო ბრეგაძემ ქართული მარშის ფეისბუქ ლაივში.

ტაბულას შსს-ში ქართული მარშის გუშინდელ მუქარაზე უთხრეს, რომ აღნიშნულზე, ამ ეტაპისთვის, არ არსებობს გამოძიების დაწყების "სამართლებრივი საფუძველი".

ცნობისთვის, 18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეული ჩატარდება. მას ორგანიზებას ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი" გაუწევს. კვირეულის ფარგლებში 4 ღონისძიება გაიმართება: სოციალური თეატრი, რომელიც ფრანც კაფკას მეტამორფოზას წარმოადგენს, საერთაშორისო კონფერენცია, ღირსების მარში და პრაიდ-ფართი.

კომენტარები