სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

მეთოფიშვილი: გიგაური და სხვა პოლიტიზებული NGO-ები ჭორებს უგზავნიან სახელმწიფო დეპარტამენტს

1tv.ge

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის კრიტიკული ანგარიშის გამო არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს. მისი შეფასებით, NGO-ები საერთაშორისო პარტნიორებს "ჭორებს" და "Fake News-ებს" უგზავნიან.

"ეს არის ანგარიში, რომელიც ეფუძნება "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშებს და სხვა პოლიტიზირებული NGO-ების, მე პირადად მათ პოლიტიზირებულ NGO-ებს ვეძახი. გიგაური, პრაქტიკულად, ავრცელებს ჭორებს. ეს არის, ასე ვთქვათ, ფანტაზიები მისი და მისი ჭორები, მეტი არაფერი. მე ბევრი ჭორი ვიცი თვითონ ქალბატონ გიგაურთან დაკავშირებით, ძაან ბევრი ჭორი ვიცი, მათ შორის რეალობაც ვიცი.

ასეთ ჭორებს აგროვებს გიგაური და ასეთ ჭორებს ხელოვნურად, იმიტომ რომ პოლიტიზირებულია ძალიან... ასეთ ჭორებს უგზავნის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. რაც მიაწოდა გიგაურმა, ის დაწერა სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამაშია საქმე. ეს არის ჭორების შეგროვება, კვლევა ამას არ ჰქვია, ეს არის Fake ნიუსები (მე გიგაურს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, და არა სახელმწიფო დეპარტამენტს). ეს არის Fake ანგარიშები, რასაც გიგაური, სალაძე და სხვები შვებიან" - ამბობს მეთოფიშვილი რუსთავი 2-თან საუბარში.

სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში საქართველოში სასამართლო ხელისუფლების მდგომარეობასაც ეხმიანება. ანგარიში ეყრდნობა კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, საერთაშორისო გამჭვირვალობას და სხვებს, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ წლის განმავლობაში მათ მთელ რიგ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება - მათ შორის მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ძირითადად, საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და სასამართლოს თავმჯდომარეებზე, რომლებიც, არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ხელს უშლიდნენ .ინიციატივებს სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე, გავლენა აქვთ ინდივიდუალურ მოსამართლეებზე და საქმეების განაწილების სისტემით მანიპულირებენ.

პრობლემურ საკითხებს შორის ჩამოთვლილია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამჭვირვალობის ნაკლებობა და მოსამართლეებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის ნაკლოვანებები.

კომენტარები