ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში ავტომატური და ნახევრად ავტომატური იარაღი აიკრძალება

ჯასინდა არდერნი
Getty Images

ქრაისთჩარჩში მეჩეთებზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 50 ადამიანის სიცოცხლე ემცხვერპლა, ახალ ზელანდიაში სამხედრო ტიპის ავტომატური და ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი აკრძალეს.

ამის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა ჯასინდა არდერნმა გააკეთა. მისი თქმით ახალი კანონი 11 აპრილიდან ამოქმედდება. აიკრძალება ასევე იმ ნაწილების გაყიდვაც, რომელიც იარაღის ნახევრად-ავტომატურად მოდიფიკაციისთვის გამოიყენება.

არდერნის თქმით ამოქმედდება უკან შესყიდვის სქემა, რათა მსგავსი იარაღის მფლობელემბა ისინი ჩააბარონ. მთავრობის გათვლებით ეს დაახლოებით 69 მილიონ აშშ დოლარამდე დაჯდება.

"ეს ის ფასია, რაც ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისათვის უნდა გადავიხადოთ." თქვა არდერნმა.

სქემის დასრულების შემდეგ ყველა, ვისაც აკრძალული იარაღი ექნება დაჯარიმდება და ციხეში 3 წლის გატარება მოუწევს.

კანონის ამოქმედებამდე მსგავსი ტიპის იარაღის ყიდვაზე შეზღუდვები უკვე დაწესდა, მათ შორის შეიცვალა ნახევრად-ავტომატური ტიპის იარაღის კლასიფიკაცია, რაც მის შეძენას ართულებს, რადგან სპეციალური ნებართვა ხდება საჭირო. არდერნის თქმით კანონის ამოქმედებამდე ნებართვები არ გაიცემა.

"მჯერა, რომ ისინი, ვინც იარაღს კანონიერად ფლობენ გაიგებენ, რომ ეს ნაბიჯები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია და მიიღებენ ამ ცვლილებებს." თქვა მან.

კანონი გაითვალისწინებს გამონაკლისებს ფერმერებისათვის, ვისაც მსგავსი იარაღი სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ქრიასთჩარჩში ორ მეჩეთზე თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ 50 ადამიანი. თავდასხმასთან დაკავშირებით ამჟამად დაკავებულია ერთი ადამიანი. 28 წლის ბრენტონ ჰარის ტარანტი. მან თავდასხმამდე პრემიერმინისტრს 87 გვერდიანი მანიფესტი გაუგზავნა, რომელიც ანტი-საიმიგრაციო და მუსლიმების სიძულვილის შემცველ მესიჯებს შეიცავს. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელს სხვა პირებიც ეხმარებოდნენ.

კომენტარები