ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები პოლიტიკურ ბლოკს ქმნიან

ტაბულა

ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები პოლიტიკურ ბლოკს ქმნიან და პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, მთაწმინდის ოქლში, მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატს, შალვა შავგულიძეს ასახელებენ. 

პარტიების ლიდერების თქმით, მათ დღეს გრძელვადიანი, სტრატეგიული პოლიტიკური თანამშრომლობა დაიწყეს. 

"მაქვს პატივი, საზოგადოებას წარვუდგინოთ შალვა შავგულიძის კანდიდატურა. ბატონ შალვას ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს. 

ჩვენი თანამშრომლობა არის გრძელვადიანი, სტრატეგიული. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ, არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თანამშრომლობა არის საფუძველი მომავალი განვითარების. ის შუღლი, გაუტანლობა, ბოროტება, რასაც თესავს ქართული ოცნება ყოველდღიურად, უნდა დასრულდეს. ჩვენ იმედი გვაქვს და ვიბრძოლებთ, რომ მთაწმინდაზე, შუალედურ არჩევნებში მოხდება ეს", - თქვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.  

"ჩვენ, ორმა პოლიტიკურმა პარტიამ, ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა, გადავწყვიტეთ შევქმნათ საარჩევნო ბლოკი, რომლითაც წარვდგებით შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე, მთაწმინდაზე. 

ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისი, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის განვითარების საერთო ხედვას, საერთო ღირებულებებს და მიზნებს, როგორიც არის: ავტორიტატურილი მმართველობის დაუშვებლობა, სამართლის უზენაესობის დამკვიდრება, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის რეალური მექანიზმების ამოქმედება; ქვეყნის მართვა კონსტიტუციურ კონტროლს დაქვემდებარებული, მცირე, მაგრამ ეფექტიანი მთავრობის მეშვეობით; ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვა, ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რა თქმა უნდა, ყველაფერი ამის გარანტი, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის განხორციელება. 

ჩვენ უარი ვთქვით პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და შურისძიებაზე და ვიხედებით მომავლისაკენ. გვაქვს ქვეყნის განვითარების პოზიტიური გეგმა და დღის წესრიგი", - თქვა შალვა შავგულიძემ ევროპული საქართველოს ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები