დანაშაულის სტატისტიკა

გახარია: 2001-დან 2017-18 წლამდე მკვლელობებში და ყაჩაღობებში ასე დაბალი რიცხვი ბუნებაში არ ყოფილა

გიორგი გახარია
პარლამენტი

"რომ აიღოთ სტატისტიკა მაგალითად 2001 წლიდან და შეადაროთ 2017-2018 წლამდე, ნახავთ, რომ მკვლელობებში და ყაჩაღობებში ასეთი დაბალი მაჩვენებელი ამ წლების განმავლობაში ბუნებაში არ ყოფილა," - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს პარლემანტში ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. გიორგი გახარიას თქმით, 

"ზოგი მიმართულებით ჩვენ გვაქვს მატება, მაგალითად, ქურდობის მიმართულებით. მაგალითად, ოჯახში ძალადობის მიმართულებით. მაგალითად ისეთი დანაშაულების, რომელიც საერთოდ არ აღირიცხებოდა მუქარის მიმართულებით. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტრო დღევანდელი მდგომარეობის სრული გააზრებით გეგმავს მის ყოველდღიურ მუშაობას, გეგმავს რეფორმების გატარების თანმიმდევრულობას და ყოველდღიურად, მდგომარეობიდან გამომდინარე მოქმედებს ისე როგორც საჭიროა," - ამბობს გახარია.

გახარიას თქმით, საქართველოს პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო პრინციპულად აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება როგორც ქუჩებში, ასევე დანაშაულის მიმართულებით. შს მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ გარკვეულ დანაშაულებების მიმართულებით არის ზრდა.

"სტატისტიკური მონაცემები მძიმე დანაშაულის ნაწილში არის პოზიტიური, მე ერთმნიშვნელოვნად ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოს პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო პრინციპულად აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება როგორც ჩვენს ქუჩებში, ასევე დანაშაულის მიმართულებით, თუმცა, ასევე, აღიარებს, რომ ისეთი დანაშაულების ნაწილში, როგორიცაა ქურდობა, ოჯახში ძალადობა, მუქარა და კიდევ ბევრი, ჩვენ გვაქვს გარკვეული ზრდა და აქ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, რამეთუ ყველას კარგად ხომ გვესმის, რომ დანაშაულთან ბრძოლა არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობა. მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა ეს არის პრინციპული მნიშვნელობის მქონე ინსტიტუცია სახელმწიფოში, რომელმაც ერთობლივად უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა. მე ვგულისხმობ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, სასამართლო სისტემას, სასჯელაღსრულებას და ა.შ," - ამბობს გახარია.

გახარია ამბობს, რომ  თითოეულ მოქალაქეს აქვს სრული საფუძველი იყოს წყნარად, მშვიდად, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პოლიცია უზრუნველყოფს მართლწესრიგს ამ ქვეყანაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წლის 11 თვეში რეგისტრირებული დანაშაული 58%-ით გაიზარდა. რაც შეეხება გახსნის მაჩვენებელს, 2017 წელთან შედარებით, 20%-ით არის შემცირებული.

2018 წლის იანვარ-ნოემბერში სამართალდამცავმა ორგანოებმა საქართველოში 53 637 დანაშაული აღრიცხეს. აქედან 18 467 (34%) გახსნეს. წინა წლის ამავე პერიოდში კი, ქვეყანაში 33 931 დანაშაული დარეგისტრირდა. გახსნილია - 18371 (54%).

2018 წლის პირველ 11 თვეში, საგრძნობლად გაიზარდა თითქმის ყველა ტიპის დანაშაული. მათ შორის 123.68%-ით - დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, 100.29%-ით - დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, 253.63%-ით - დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ, 61.76%-ით - დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ,81.75%-ით - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ხოლო 26.47%-ით - დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ.

კომენტარები