სოციალური მუშაკების პროტესტი

ჯანდაცვის უწყება: სოციალური მუშაკების გაფიცვის მიუხედავად, ბენეფიციარები არ დაზარალდებიან

ტაბულა

ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, სოციალური მუშაკების გაფიცვის მიუხედავად, უწყება უზრუნველყოფს იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდებას, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს.

განცხადებაში, რომელიც სოციალური დაცვის სამინისტრომ მინისტრის მოადგილის, თამარ ბარაკალაიას სახელით გაავრცელა, წერია, რომ მათ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრები გამართეს და პრობლემების მოგვარებისკენ რიგი ნაბიჯებიც გადადგეს, თუმცა, ეს სოც მუშაკებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 

"ჩვენ სრულად, მთელი საქართველოს მასშტაბით, უზრუნველვყოფთ სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე პირთა მომსახურებას და ასევე ძალადობის შემთხვევების ეფექტიან მართვას.

სამინისტროს ჩამოყალიბებული აქვს კონკრეტული სამუშაო გეგმა დაუყოვნებლივი, საშუალო ვადიანი და ხანგრძლივ ვადიანი ინტერვენციების მიმართულებით. ეს ყოველივე შეიცავს რამდენიმე პუნქტს, რომლიდანაც ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე ახლაც მიმდინარეობს მუშაობა და რამდენიმე კვირაში იქნება განხორციელებული და ასევე არის საკითხები, რომელთა განხორციელება შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი.

ამ გეგმის შემუშავებაში ასევე იმპლემენტაციაში ჩართულები არიან, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე მისი ერთ-ერთი განმახორციელებელი უწყება სოციალური მომსახურების სააგენტო. ასევე დამატებით შექმნილი არის მართვის და კოორდინაციის ინსტრუმენტი, სპეციალური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს მინისტრი და რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ სოციალური მუშაკები.  

ამ დრომდე სოციალურ მუშაკებთან ხორციელდებოდა შეხვედრები სამუშაო ფორმატში, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა, სოციალური მუშაკები და სპეციალურად ამ საქმეში ჩართული შრომითი დავების მედიატორი. სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი საკითხებიდან, როგორც უკვე მოგახსენეთ, საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე არის რეალისტური სამოქმედო გეგმა, ხოლო ნაწილი საჭიროებს გარკვეულ პერიოდში გადაწყვეტას.

როგორც ჩანს, ეს მიუღებელია სოციალური მუშაკების ნაწილისთვის და მათ გადაწყვიტეს გაფიცვა, რაც მათი სამოქალაქო უფლებაა, თუმცა ამით სოციალური სამუშაოს განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება, რადგან დღეიდან სამინისტრო გადაერთო უკვე წინასწარ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე და ამ პროგრამის ბენეფიციარები არ დაზარალდებიან", - წერია სამინისტროს განცხადებაში.

სოციალური მუშაკები დღეს დილიდან გაიფიცნენ. 

გაფიცვა მათ რამდენიმე კვირის წინ დააანონსეს - ისინი პროტესტის უკიდურეს ზომებს იმის გამო მიმართავენ, რომ სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. 

სოციალური მუშაკები სისტემაში ძირეული ცვლილებების გატარებას ითხოვენ, რათა ბენეფიციარებისთვის ღირსეული მომსახურების გაწევა შეძლონ.

გაფიცულია საქართველოს მასშტაბით მომუშავე ყველა სოციალური მუშაკი. მათი ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან არის შეკრებილი. 

საღამოს 19:00 საათზე აქციის გამართვაც იგეგმება. 

კომენტარები