დაგროვებითი პენსია

40 წელს გადაცილებულ პირებს საპენსიო სისტემიდან გასასვლელად მხოლოდ 2 თვე აქვთ

იმ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი, 1 აპრილიდან, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება შეეძლებათ. განცხადების დაწერა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში (ყიფშიძის 7ბ) ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სქემაში ჩართვის თარიღად ითვლება ის თარიღი, როდესაც კომპანია/ორგანიზაციის ბუღალტერმა დახურა დეკლარაცია და ჩარიცხა დასაქმებულის პირველი საპენსიო შენატანი.

"კანონის თანახმად, პირველი დახურული დეკლარაციის თარიღიდან სამი თვის შემდეგ, დასაქმებულს აქვს უფლება დაწეროს განცხადება დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ. პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების თარიღისა და გასვლის პერიოდის შემოწმება დასაქმებულს შეუძლია საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდის პირად პროფილზე, იქ სადაც ამოწმებს საპენსიო დანაზოგს. ორი დამსაქმებელის შემთხვევაში, პირად გვერდზე შესასვლელად საჭიროა ორი პაროლი" - აცხადებს საპენსიო სააგენტო და განმარტავს, რომ განცხადების დასაწერად დასაქმებულებს აქვთ მხოლოდ ორი თვე.

"თუ ამ ორ თვეში დასაქმებული არ დაწერს განცხადებას, ის რჩება დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ. განცხადების დაწერა შეუძლია მინდობილ პირს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვილი თანხა დაუბრუნდებათ შემომტანებს (სახელმწიფო, დამსაქმებელი, დასაქმებული). საპენსიო სააგენტო თანხების დაბრუნებას 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს" - აცხადებს სააგენტო.

რა არის დაგროვებითი პენსია?

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. ამავე კანონის საფუძველზე სპეციალური საპენსიო სააგენტოც შეიქმნა, რომელიც დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ გამომუშავებულ თანხას გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და ამ თანხას დასაქმებულს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უკან დაუბრუნებს.

საპენსიო სქემაში ერთვება ყველა მოქალაქე, რომელიც ანაზღაურებას საკონტრაქტო ურთიერთობის შედეგად იღებს. იმ პირებისთვის, ვინც 2018 წლის 1 აგვისტომდე გახდა 40 წლის, სისტემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, ხოლო 40 წელს მიუღწეველი დასაქმებულები ვალდებულები არიან კანონის ამოქმედებისთანავე ჩაერთონ დაგროვებით საპენსიო სისტემაში. საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისთვის.

დაგროვებით პენსიაში მონაწილე მოქალაქეს ხელფასიდან ეჭრება მთლიანი ანაზღაურების 2%, 2%-ის გადახდის ვალდებულება აქვს მის დამსაქმებელსაც, ხოლო 2%-ს იხდის სახელმწიფო. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საპენსიო სისტემის მონაწილეს ბიუჯეტიდან 2%-ს ურიცხავს იმ შემთხვევაში, თუ მისი მთლიანი დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა 24.000 ლარზე მეტი არ არის. თუ დასაქმებულის წლიური ჯამური ხელფასი 24.000 ლარზე მეტი და 60.000 ლარზე ნაკლებია, მას ბიუჯეტიდან 1% ერიცხება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წლიური ანაზღაურება 60.000 ლარზე მეტია, სახელმწიფო საპენსიო სისტემის მონაწილეს თანხას არ ურიცხავს.

კანონის მიხედვით, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, დაგროვებითი პენსიის სისტემის მონაწილეს საპენსიო ანგარიში უნარჩუნდება. მუშაობის ხელახლა დაწყების შემდეგ, პირველი ხელფასის ჩარიცხვისთანავე, მას შეუძლია ანგარიშზე ფულის შეტანა დაიწყოს. იმ პერიოდში, როდესაც პირი დასაქმებული არ არის, სახელმწიფო შენატანს არ აკეთებს.

გარდა ამისა, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მიერ დაზოგილი თანხა მის მემკვიდრეს გადაეცემა. კანონი ასევე იძლევა შესაძლებლობას დაზოგილი თანხა მონაწილემ ნაადრევად მიიღოს თუ იგი შშმ პირი გახდება. დაზოგილი თანხის ნაადრევად მიღების უფლება ასევე ეძლევა მონაწილეს, თუ იგი საქართველოს სამუდამოდ დატოვებას გადაწყვეტს.

ვრცლად წაიკითხეთ: საპენსიო რეფორმა - სქემა, რომლითაც მთავრობას თქვენი ფულის მითვისება შეეძლება.

კომენტარები