ამერიკა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი: 2024 წლამდე ამერიკელები მთვარეზე დაბრუნდებიან

Twitter/ Vice President Mike Pence

26 მარტს ალაბამას აშშ-ს ეროვნულ კოსმოსურ საბჭოში საუბრისას მაიკ პენსმა განაცხადა, რომ 2024 წლამდე ამერიკელები მთვარეზე დაბრუნდებიან.

„მომავალ ხუთ წელიწადში ამერიკელი ავსტრონავტების მთვარეზე დაბრუნება ამ ადმინისტრაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პოლიტიკაა,“ - ალაბამაში სიტყვით გამოსვლისას თქვა ვიცე-პრეზიდენტმა.

პენსის თქმით, 50 წლის წინ ადამიანისთვის ერთი პატარა ნაბიჯი კაცობრიობისთვის ერთი გიგანტური ნახტომი გახდა, ახლა კი მეორე გიგანტური ნახტომის დრო მოვიდა. შემდეგი გიგანტური ნახტომი მოიცავს მუდმივი ბაზის დაარსებას და ტექნოლოგიების განვითარებას, რაც ამერიკელ ასტრონავტებს მარსზე და უფრო შორსაც წაიყვანს.  

პენსის თქმით, პირველი ქალი და შემდეგი მამაკაცი, რომლებიც მთვარეზე ჩავლენ ამერიკელები იქნებიან.

ჩინეთისა და რუსეთის კოსმოსური აქტივობების საპასუხოდ პენსმა აღნიშნა, რომ აშშ გასული საუკუნის 60-იანი წლების მსგავსად “კოსმოსურ შეჯიბრში” მონაწილეობს, თუმცა ყველაზე უარეს მტერს - თვითკმაყოფილებას ეჯიბრებიან.

ნასას სურს, რომ ავსტრონავტები მთვარის სამხრეთ პოლუსზე ჩაიყვანოს. ამ ადგილას წყლის ყინულის რეზერვუარებია აღმოჩენილი, ამის გარდაქმნა კი კოსმოსური ხომალდის საწვავად სურთ.

ნასას გათვლით, თავდაპირველად მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის Gateway-ს გაშვებას 2024 წლამდე, ხოლო ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნებას 2028 წლამდე გეგმავდნენ.

„გამოწვევა მიღებულია. ახლა საქმეს დავუბრუნდეთ,“ - აშშ-ს კოსმოსური სააგენტოს ადმინისტრატორი ჯიმ ბრიდენშტაინი Twitter-ზე გამოეხმაურა ვიცე-პრეზიდენტს.

კომენტარები