ზვიად გამსახურდიას საქმე

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები ივანიშვილს: არ გვქვს საფუძველი, დავუჯეროთ დაპირებებს

„ეს ფილმი უკვე ბევრჯერ გვინახავს, საქმე წინ არ მიდის“ - საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები ბიძინა ივანიშვილს ეხმაურებიან. ბიძინა ივანიშვილმა „ქვეყნის დიდი სირცხვილი“ უწოდა იმას, რომ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია.

"ეს ფილმი ჩვენ უკვე ბევრჯერ გვინახავს... ქართული ოცნება უკვე 7 წელიწადია ხელისუფლებაშია, რამდენიმეჯერ შეიცვალა მთავარი პროკურორი და ის პირები, ვისაც ამ საქმის გამოძიება ევალება, მაგრამ საქმე წინ არ მიდის! ჩვენს ოჯახს უწევს საჯარო პროტესტი, ქუჩის აქციების მოწყობა, შიმშილობა მთავარი პროკურატურის მისაღებში გამოძიების მოთხოვნით, და მიუხედავად ამისა, დღესაც არ არსებობს პროკურატურასთან ადეკვატური კომუნიკაცია. ბიძინა ივანიშვილს ამის შესახებ არაფერი გაუგია? თუ არა, ესე იგი, არც დაინტერესებულა.

რატომ უნდა იყოს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის მესაძირკვლე, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიება ჩვენს აქტივობაზე დამოკიდებული? ის მცირე შედეგიც კი, რაც შექმნილია ამ საქმის გამოძიების ფარგლებში, ჩვენი "მუჯლუგუნების" შედეგია! მიუხედავად ამისა, უამრავი დეტალის ჩამოთვლა შემიძლია, როდესაც პროკურატურა ან ჯიუტად არ ატარებს საჭირო საგამოძიებო ქმედებებს, ან ატარებს შესაშური არაკვალიფიციურობით!" - ნათქვამია გამსახურდიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, მათ არანაირი საფუძველი არ აქვთ, დაუჯერონ ვინმეს დაპირებებს. „თუ ბიძინა ივანიშვილს ან მის ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება უნდა, ბურთიც მათია და მოედანიც. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თვალების გვჯერა,ხოლო დანარჩენს ფაქტები გამოაჩენს“, - ამბობენ ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები.

31 მარტს ზვიად გამსახურდიას იუბილე აღინიშნება. შესაბამისი ღონისძიებებისთვის მთავრობამ სახელმწიფო კომისია შექმნა.

ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით 2015 წელს განახლდა. 2018 წლის დეკემბერში საქმეზე ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა, თუმცა, პირველი პრეზიდენტის შვილების შიმშილობის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა პარლამენტს, გაგრძელებულიყო გამოძიების ვადა. საკანონმდებლო ორგანომ გამსახურდიას საქმეზე ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გაზარდა.

კომენტარები