მედიცინა

99 წლის ქალს ორგანოები სარკისებურად ჰქონდა განლაგებული, თუმცა ეს არ იცოდა

2018 წლის მარტში ორეგონის ჯანმრთელობის და მეცნიერების უნივერსიტეტის სტუდენტმა უორენ ნილსონმა თანაკურსელებთან ერთად 99 წლის ქალის გვამი გაკვეთა და აღმოაჩინა, რომ მას შინაგანი ორგანოები სარკისებურად ჰქონდა განლაგებული. ამ იშვიათ მდგომარეობას Situs Inversus ან ორგანოთა ტრანსპოზიცია ეწოდება და ხშირად თან ახლავს გულის მანკები და სხვა დარღვევები. 

"ასეთი ადამიანის აღმოჩენის შანსი 50 მილიონიდან ერთი იყო." - ამბობს ორეგონის უნივერსიტეტის კლინიკური ანატომიის ასოცირებული პროფესორი კამერონ უოკერი. 

როცა სტუდენტებმა გულმკერდის ღრუს გახსნა და გულის გამოკვლევა დაიწყეს მათ შენიშნეს, რომ გულს აკლდა დიდი ვენა, რომელიც ჩვეულებრივ მარჯვენა მხარეს მდებარეობს. საგონებელში ჩავარდნილმა სტუდენტებმა პროფესორებს დაუძახეს და ჰკითხეს "სადაა ქვემო ღრუ ვენა? გამოვტოვეთ? ხომ არ გავგიჟდით?."

ჩვეულებრივ ქვემო ღრუ ვენა ხერხემლის სვეტის მარჯვენა მხარეს გასდევს, ღვიძლთან იკლაკნება და მარჯვენა პარკუჭში და ჟანგბადისგან დაცლილ სისხლს გადატუმბავს. ამისგან განსხვავებით, როუზ მერი ბენთლის ქვემო ღრუ ვენა მარცხნივ იყო და იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ გულში დაბოლოებულიყო, ის აღწევდა დიაფრაგმაში, გაივლიდა გულმკერდის მალების გასწვრივ, წრეს არტყამდა აორტის რკალს და შემდეგ გულის მარჯვენა ნაწილში გადატუმბავდა სისხლს. 

ეს ერთადერთი დარღვევა არ იყო, რომელიც უოკერმა სტუდენტებთან ერთად აღმოაჩინა. სხეულს აკლდა ან არასწორ ადგილას იწყებოდა მრავალი ვენა, რომელიც კვებავს ღვიძლს. მის მარჯვენა ფილტვს მხოლოდ ორი წილი ჰქონდა სტანდარტული სამის ნაცვლად, ამავე დროს მისი მარჯვენა პარკუჭი ჩვეულებრივზე ორჯერ დიდი იყო. იმის ნაცვლად, რომ კუჭი მარცხნივ ჰქონოდა, რაც ნორმალურია, მისი კუჭი მარჯვნივ იყო. შებრუნებული იყო ღვიძლი, რომელიც ნორმაში მკვეთრად მარჯვნივ მდებარეობს. საპირისპიროდ იყო განლაგებული საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ნაწილებიც, ელენეთა და აღმავალი კოლინჯი. 

Situs Veritus-ის ისეთი ფორმა, რომელსაც თან ახლავს გულის ნორმალური მდებარეობა (levocordia) უკიდურესად იშვიათი მდგომარეობაა. მას იწვევს იშვიათი მუტაცია ემბრიონული განვითარების ადრეულ ეტაპზე, ორსულობის 30-45 დღეზე. მისი ავადობის მაჩვენებელი ზოგად მოსახლეობაში 22 000-დან ერთია. გულის დაავადებების მაღალი რისკის გამო ასეთი პაციენტების მხოლოდ 5%-დან 13%-მდე ცოცხლობს 5 წელზე მეტს. ბენთლის შემთხვევა ანომალიაა, რადგან მას გულის მანკები არ ჩამოუყალიბდა. აქამდე აღწერილი ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, რომელსაც ეს დაავადება ჰქონდა 73 წლის იყო. ბენთლის შვილები ამბობენ, რომ ის ყოველთვის ჯანმრთელი იყო და არ ჰქონდა მიზეზი, რომ ეფიქრა, რომ მისი ორგანოები არასწორად იყო განლაგებული. ისინი გეგმავენ, რომ თავიანთი სხეულები მეცნიერებას დაუტოვონ. 

კომენტარები