ახალი ზელანდია

119-1 - ახალი ზელანდიის პარლამენტმა იარაღზე კონტროლის ახალ კანონს მხარი დაუჭირა

ჯასინდა არდერნი
Getty Images

ახალი ზელანდიის პარლამენტმა 119 ხმით ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ნახევრად ავტომატური და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის დიდი ნაწილი აკრძალვას.

აკრძალვის ინიციატივა ქრაისთჩარჩში ორ მეჩეთზე შეიარაღებულ თავდასხმას მოჰყვა, რომელსაც 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ახალი ზელანდია გამოირჩევა ასეთი გამანადგურებელი ბუნების და ძალის მქონე იარაღის ფართო ხელმისაწვდომობით. დღეს ეს ანომალია დასრულდება." თქვა პრემიერმინისტრმა ჯასინდა არდერნმა პარლამენტში გამოსვლისას.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი სამხედრო ტიპის ნახევრად ავტომატურ და ავტომატურ იარაღს კრძალავს, ზოგიერთი ტიპის ნახევრად ავტომატური იარაღი კვლავ დაშვებული იქნება. აიკრძალება ყველა იარაღი, რომელიც ქრაისთჩარჩის მეჩეთებზე თავდამსხმელმა გამოიყენა.

არდერნის თქმით დადგინდა, რომ თავდამსხმელმა ეს იარაღი ლეგალურად შეიძინა.

"ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლებოდა ასეთი დესტრუქციის გამომწვევი იარაღის ლეგალურად შეძენა ამ ქვეყანაში. ამას ვერც წარმოვიდგენდი. გულზე ხელს ვიდებ და ვამბობ, რომ ვერ ვეტყოდი არა მხოლოდ მედიას და საზოგადოებას, არამედ ამ ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლებს, რომ ჩვენი კანონების სისტემა ასეთ იარაღს უშვებს და ეს მისაღებია, იმიტომ, რომ ეს ასე არაა. ამ ბრიფინგის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს გამომეცხადებინა პარლამენტის დაუკითხავად და ვიცოდი, რომ ისინი ჩემთან იქნებოდნენ და არიან კიდეც." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ აკრძალვა არდერნმა თავდასხმიდან ერთ კვირაში დააანონსა. მან თქვა, რომ ახალი კანონი 11 აპრილიდან ამოქმედდებოდა.

არდერნის თქმით ამოქმედდება უკან შესყიდვის სქემა, რათა მსგავსი იარაღის მფლობელემბა ისინი ჩააბარონ. მთავრობის გათვლებით ეს დაახლოებით 69 მილიონ აშშ დოლარამდე დაჯდება.

"ეს ის ფასია, რაც ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისათვის უნდა გადავიხადოთ." თქვა არდერნმა.

სქემის დასრულების შემდეგ ყველა, ვისაც აკრძალული იარაღი ექნება დაჯარიმდება და ციხეში 3 წლის გატარება მოუწევს.

კანონის ამოქმედებამდე მსგავსი ტიპის იარაღის ყიდვაზე შეზღუდვები უკვე დაწესდა, მათ შორის შეიცვალა ნახევრად-ავტომატური ტიპის იარაღის კლასიფიკაცია, რაც მის შეძენას ართულებს, რადგან სპეციალური ნებართვა ხდება საჭირო. არდერნის თქმით კანონის ამოქმედებამდე ნებართვები არ გაიცემა. კანონი ასევე ითვალისწინებს გამონაკლისებს ფერმერებისათვის, ვისაც მსგავსი იარაღი სჭირდება. აიკრძალება ასევე იმ ნაწილების გაყიდვაც, რომელიც იარაღის ნახევრად-ავტომატურად მოდიფიკაციისთვის გამოიყენება.

კომენტარები