დათვების რეაბილიტაცია

დათვი ბელას და თბილისის ზოოპარკის თანამშრომლის მეგობრობის ისტორია

თბილისის ზოოპარკის პროექტის "დათვების რეაბილიტაციის" ოფიციალური გვერდი დათვი ბელას და ზოოპარკის თანამშრომლის მეგობრობის ისტორიას წერს. ბელა რამდენიმე წელი ბელიაშვილის ქუჩაზე, მშენებლობის ეზოში, პატარა გალიაში ბინადრობდა. ზოოპარკში მისვლამდე მას ბალუ ერქვა, თუმცა, მერე აღმოაჩინეს, რომ ის გოგოა და ამიტომ, ბელა დაარქვეს. 

"ახლა რომ ხედავთ ფუშფუშა და ცნობისმოყვარე დათვს, ჩვენთან მოყვანისას გამხდარი და შეშინებული იყო. მოსვლისთანავე ბუჩქებში დაიმალა და აღარ გამოდიოდა. არ იცოდა, მიწაზე თავისუფლად როგორ ევლო, მისი თათები მხოლოდ ბეტონის ზედაპირს იყო მიჩვეული, ბალახების არსებობა პირველად გაიგო, ხეები და ბუჩქები მხოლოდ შორიდან ენახა. ეს ყველაფერი აშინებდა, მისთვის ყველაფერი ახალი იყო. ამიტომაც დაიმალა. არ ჭამდა, არ სვამდა, მხოლოდ იმალებოდა. 

ბატონი ედიშერი, (ჩვენი თანამშრომელი) არ დანებდა და ყოველ დილით ბელას ბუჩქებთან აკითხავდა. სპეციალურად ამორჩეული და გემრიელი ცოცხალი თევზი მიჰქონდა. საათობით ელოდებოდა მის გამოჩენას, შორიახლოს უგდებდა თევზს და ელოდებოდა, როდის შეჭამდა. ნელ-ნელა მისი ნდობაც მოიპოვა. ორი კვირის შემდეგ, ბელა ბუჩქებიდან გამოვიდა. საშინლად გამხდარი, თუმცა უკვე ცნობისმოყვარე დათვი იყო. აინტერესებდა, სად მოხვდა, აღმოაჩინა, რომ ბალახი ძალიანც გემრიელია და რაც ყველაზე მთავარია, აუზის არსებობის შესახებ შეიტყო. ის წყალზე გიჟდება. 

ბატონი ედიშერისა და ბელას მეგობრობა დღემდე გრძელდება. დღის ბოლოს, სანამ თანამშრომლები სახლებში დავიფანტებით, ბატონი ედიშერი ამოარჩევს გემრიელ თევზებს და მიდის ბელას მოსაძებნად. როგორც კი "ბელი ბელის" დაუძახებს, სადაც არ უნდა იყოს დათვი, თუნდაც აუზში ან ეძინოს, მაშინვე ედიშერისკენ გარბის. სიმართლე გითხრათ, ძალიანაც მოშიებული არ არის ამ დროს. ეს მათი ერთგვარი რიტუალია, საღამოს ასე ემშვიდობებიან და კიდევ ერთხელ ახსენებენ ერთმანეთს, როგორი მნიშვნელოვანია მათი მეგობრობა და როგორი მადლიერები არიან ერთმანეთის"
- წერია თბილისის ზოოპარკის პროგრამის "დათვების რეაბილიტაციის" გვერდზე.

დათვების რეაბილიტაციის პროგრამა შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს იმ ბელებისთვის, რომლებიც დაობლდნენ ან მოქალაქეებთან ყოფნის შემდეგ ზოოპარკს მიაბარეს. პროგრამა მათ ბუნებრივი ქცევის გამოხატვის შესაძლებლობებს აძლევს. როდესაც ბელები მზად იქნებიან, მათ ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.

კომენტარები