შრი ლანკა

შრი ლანკის თავდაცვის უწყება: აფეთქებები ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმაზე შურისძიებაა

შრი ლანკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაცით აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიებსა და სასტუმროებზე მომხდარი თავდასხმა ახალ ზელანდიაში, ქრაისთჩარჩის მეჩეთებში მომხდარი სროლის საპასუხოდ განახორციელეს.

მისი თქმით თავდასხმებში ორი ადგილობრივი ისლამისტური დაჯგუფება მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ შრი ლანკაში 3 ეკლესიასა და 4 სასტუმროში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 321-მდე გაიზარდა. დაშავებულია 500-მდე ადამიანი. დაღუპულებს შორის 38 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მათ შორის აშშ-ს, ბრიტანეთის, დანიის, ავსტრალიის, თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის, ნიდერლანდების და პორტუგალიის.

პოლიციამ გამოძიების ფარგლებში 40 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი სირიის მოქალაქეა. ამ დრომდე თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

აშშ-ის დაზვერვის წყაროების მიხედვით თავდასხმას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხელწერა აქვს. შრი ლანკას გამოძიებაში დახმარება აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა შესთავაზეს.

შრი-ლანკას გამომძიებლის თქმით, 21 აპრილის აფეთქებები შვიდმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ მომხდარში საერთაშორისო ქსელი იყო ჩართული. მთავრობის წარმომადგენლის არიანანდა ველიანგას თქმით, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა შანგრილას სასტუმროში აიფეთქა თავი, ორმა სხვა სასტუმროებში, ხოლო დანარჩენებმა ეკლესიებში.

პრემიერმინისტრ რანილ ვიკრემესინგის ინფორმაციით, აფეთქებამდე მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია ნაკლებად ცნობილი ისლამისტური დაჯგუფების შესაძლო თავდასხმაზე. გავრცელებული ინფორმაციით, 11 აპრილს ინდოეთის სადაზვერვო სააგენტომ ქვეყნის წამყვანი პირები რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ეროვნული თოვეთ ჯამაათის მხრიდან შესძლო თავდასხმაზე გააფრთხილა.

მარტში ახალ ზელანდიაში, ქრიასთჩარჩში ორ მეჩეთზე თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ 50 ადამიანი.

თავდასხმასთან დაკავშირებით ამჟამად დაკავებულია ერთი ადამიანი. 28 წლის ბრენტონ ჰარის ტარანტი. მან თავდასხმამდე პრემიერმინისტრს 87 გვერდიანი მანიფესტი გაუგზავნა, რომელიც ანტი-საიმიგრაციო და მუსლიმების სიძულვილის შემცველ მესიჯებს შეიცავს.

კომენტარები