ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

შსს: დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გამოკითხვაზე დავიბარეთ

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, რომლის წინააღმდეგაც ყოფილ ცოლზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე, შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, შსს-ში დაიბარეს.

ტაბულას შსს-ში აღნიშნული ფაქტი დაუდასტურეს. მათივე ცნობით, დავით ბაგრატიონს უწყება დღეს გადაეგზავნა, მას შემდეგ, რაც ადვოკატმა მისი საქართველოში ჩამოსვლა დაადასტურა.

ტაბულასთან საუბრისას ბაგრატიონის ადვოკატმა აღნიშნა, რომ იგი არ ფლობს ინფორმაციას დავით ბაგრატიონ-მუხრანელის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ანა ბაგრატიონზე ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თანაცხოვრების პერიოდში დავით ბაგრატიონი ცოლზე ძალადობდა. არსებობს ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც წერია, რომ ანა ბაგრატიონი-გრუზინსკის 14.05.2014 წლის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხენა მუხლის სახსრის საპროექციოდ წინა ზედაპირზე და ზედაპირზე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები. სახეზე და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ანა ბაგრატიონის ადვოკატის თქმით, ეს მტკიცებულებები დევს სამეფო ტიტულების საქმეშიც. ლევან გორელიშვილი ამტკიცებს, რომ დავით ბაგრატიონი ცოლზე სწორედ მისი მეფობის აღიარების მიზნით ძალადობდა.

ანა ბაგრტიონ-გრუზინსკიმ და დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა 2009 წლის თებერვალში იქორწინეს. მათი ოჯახის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მიზანი "ტახტის მემკვიდრის" გაჩენა იყო. მათ ერთი შვილი ჰყავთ, გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი. 

2019 წლის მარტში სასამართლო დავის არსებითი განხილვა დაიწყო. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს უჩივლეს. ისინი სასამართლოს სთხოვენ, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს საქართველოს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა აეკრძალოს. ბაგრატიონების ორივე შტოს ერთმანეთის წარმომავლობაში ეჭვი შეაქვთ. 

კომენტარები