9 მაისი

გულბაათ რცხილაძის ორგანიზაცია 9 მაისს რუსული "უკვდავთა პოლკის" ანალოგიურ მსვლელობას გეგმავს

0 კომენტარი
ფოტო: JAMnews/დავით თაბაგარი

ორგანიზაცია "ევრაზიული ინსტიტუტის" დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძე 9 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე, კუს ტბიდან ვაკის პარკამდე, მსვლელობას გეგმავს. 

რციხლაძე ფეისბუქზე წერს, რომ მსვლელობა "საქართველოს უკვდავი ჯარის" ფორმატით მოხდება, რომელიც რუსული "უკვდავი პოლკის" ანალოგია.

"გიწვევთ ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მსვლელობაში, "საქართველოს უკვდავი ჯარის" ფორმატით, 9 მაისს, დილის 10 საათზე, თბილისში, კუს ტბის ასახვევთან (უკრაინის საელჩოს უკან). "საქართველოს უკვდავი ჯარი" (რუსული ვერსია: "Бессмертный полк") არის ანალოგი საერთაშორისო მოძრაობისა, თავისი ქართული სპეციფიკითა და სრული ავტონომიით. 1941-45 წლების დიდ სამამულო ომში მონაწილე ჩვენი წინაპრების, ასევე საბჭოთა კავშირის ქართველი გმირების პორტრეტებით დავიძრებით ვაკის პარკისკენ, ჩავუვლით საელჩოებს, ფეხბურთის ფედერაციას, უცხო ენების ინსტიტუტს და ვაკის პარკის კოლონებიანი შესასვლელიდან კიბეებზე ჩავალთ პარკში, სადაც სხვა მოზეიმე საზოგადოებაც იქნება, მემარცხენე პატრიოტები და, რაც მთავარია, საკუთრივ ომის ცოცხალი ვეტერანები, რომლებიც ცოტანი დარჩნენ და რომელთაც ყოველთვის თბილი სიტყვები უნდა ვუთხრათ (სიტყვების გარდაც გაგვიკეთებია ზოგი რამ, მაგრამ ეგ ცალკე იყოს). ჩვენს კოლონას უერთდებიან შიდა ქართლის პატრიოტი ადამიანები, თბილისელებთან ერთად. კარი ყველასათვის ღიაა, მით უმეტეს, რომ ქუჩაში ვიქნებით და კარი არც არის", - წერს რცხილაძე. 

როგორც წესი, მსვლელობის მონაწილეებს ხელში ომში დაღუპული ახლობლების ფოტოები უჭირავთ. მასში მონაწილეობა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსაც მიუღია.

მითების დეტექტორის კვლევით: 

"ევრაზიული ინსტიტუტი 2009 წლის 22 სექტემბერს გულბაათ რცხილაძემ და გიორგი ვეკუამ დაარსეს. damoukidebloba. com-ის კვლევის მიხედვით, „ევრაზიული ინსტიტუტის“ ერთ-ერთი პარტნიორი რუსული ორგანიზაცია „ლევ გუმილევის ცენტრია“, რომელიც „ევრაზიული ცენტრის“ მიერ მოსკოვში 2011 წელს დაფუძნდა. ცენტრი ეთნოკონფლიქტების გადაჭრის გზად „ევრაზიანიზმის“ იდეის პოპულარიზაციას ასახელებს. „ევრაზიის ინსტიტუტს“ შეუერთდა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული, რომელიც სასჯელს 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრის და ექსტრემისტული ქმედებების გამო იხდიდა.

ევრაზიულ ინსტიტუტთან არის ასევე დაკავშირებული ევრაზიული არჩევანი, რომლის დამფუძნებლები და გამგეობის წევრები არჩილ ჭყოიძე, მაია ხინჩაგაშვილი და ბორის მანჟუკოვი არიან. მათგან ერთ-ერთი – ბორის მანჟუკოვი, damoukidebloba.com-ის კვლევის მიხედვით, რუსული ტელეარხის „მირის“ საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელია. ორგანიზაცია 2013 წლის 30 მაისს არის რეგისტრირებული. 

არჩილ ჭყოიძე ამავდროულად არის ერეკლე მეორის საზოგადოების ხემძღვანელი, რომელიც 2008 წლის 31 დეკემბერს დაფუძნდა. ორგანიზაციის ძირითადი მიზანი საქართველოში რუსეთის კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაა". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები