აბორტის აკრძალვა

ალაბამაში აბორტი აიკრძალა, სასჯელი 99 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

Reuters

აშშ-ის ალაბამას შტატში მიიღეს კანონი, რომელიც აბორტს კრძალავს. აშშ-ის მასშტაბით ეს ყველაზე მკაცრი კანონია აბორტთან დაკავშირებით.

კანონი კრძალავს აბორტს მას შემდეგ, რაც ჩანასახის გულისცემა გასარჩევი ხდება, რაც ორსულობის დაახლოებით მეექვსე კვირაში ხდება.

კანონი გამონაკლისს არ უშვებს გაუპატიურების მსხვერპლებისათვის და ინცესტის შემთხვევაში.

კანონის დარღვევის და პროცედურის ჩატარების მცდელობის შემთხვევაში ექიმს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ხოლო პროცედურის ჩატარების შემთხვევაში 99 წლამდე პატიმრობა.

აბორტი დაშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

რესპუბლიკელი კანონმდებლის თქმით, რომელიც კანონის ერთ-ერთი თანასპონსორი იყო "კანონი ამბობს, რომ ჩანასახი პიროვნებაა."

დემოკრატი სენატორის თქმით, რომელმაც კანონს მხარი არ დაუჭირა, ის ექიმების კრიმინალიზებას ახდენს და "მამაკაცების მცდელობაა ქალს დაუწესონ როგორ უნდა მოექცეს საკუთარ სხეულს."

ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციაში აკრძალვას არაკონსტიტუციური უწოდეს და მომავალ არჩევნებში პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მცდელობად შეაფასეს.

კანონი შტატს საშუალებას მისცემს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს 1973 წელს გამოტანილი განაჩენი "როი ვეიდის წინააღმდეგ" საქმეში, რომლითაც ქალს აბორტის უფლება მიენიჭა.

მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში აბორტზე სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები დააწესა კიდევ 16-მა შტატმა.

კომენტარები