რუსეთი

НТВ "ჩერნობილის" რუსულ ვერსიას გადაიღებს, სადაც მთავარი გმირი საბჭოთა სპეცაგენტი იქნება

Tjournal, NTV

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო HBO-ს სერიალ "ჩერნობილზე" საუბრობს, რუსეთმა გადაწყვიტა მომხდარი ტრაგედიის თავისი ვერსია გადაეღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსულენოვანი მედია ავრცელებს და წერს, რომ სერიალს რუსეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაიღებენ. 

როგორც Tjourbal წერს, რუსული სერიალი, რომელიც სამთავრობო მედია НТВ-ზე გავა, წლის ბოლომდე გამოვა ეკრანებზე. მაყურებლებმა ამ სერიალის შინაარსი გამოსვლამდე დაიწუნეს, რადგან როგორც დაანონსდა, მთავარი გმირი არა ჩერნობილის ლიკვიდატორი იქნება, არამედ საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელი. 

ოფიციალური სინოფსისის მიხედვით, სერიალში მოქმედება ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე პერიოდს, თვითონ აფეთქებას და რამდენიმე თვის შემდგომ პერიოდს შეეხება. სიუჟეტ ЦРУ-ს თანამშრომლის, ალბერტ ლენცის, ირგვლივ ვითარდება, ხოლო მთავარი კი სამხედრო კონტრდაზვერვის ვიცეპოლკოვნიკი ანდრეი ნიკოლაევი იქნება. სერიალში ის შეეცდება, რომ შეაჩეროს "უცხო ქვეყნის აგენტი" შეაჩეროს და აფეთქება აღმოფხვრას. 

შეგახსენებთ, რომ რუსული სახელმწიფო ტელემედია და გაზეთები აკრიტიკებენ ამერიკული HBO-სა და ბრიტანული Sky Atlantic-ის მიერ რეალურ ისტორიაზე გადაღებულ ახალ სერიალს "ჩერნობილი".

სერიალით უკმაყოფილება რუსული სახელმწიფო ტელევიზიის რასია 24-ის ეთერშიც გამოთქვეს. ჟურნალისტმა სტანისლავ ნატანზოვმა თქვა, რომ ის უკმაყოფილოა სერიალით, რადგან ჩერნობილი უპრეცედენტოდ დიდი ტრაგედია იყო და "სისხლიანი რეჟიმი" აქ არაფერ შუაშია.

"HBO-ს სერიალის კონცეფციაში არ ჯდება ის, რომ საბჭოთა კავშირში ადამიანებზე ზრუნვას ცდილობდნენ. საქმე სისხლიან რეჟიმში კი არა, არამედ იმაში იყო, რომ მსგავსი ავარიები აქამდე არ მომხდარა," - თქვა ნატანზოვმა - "და საერთოდ, ბარემ ყველა ჩაცხრილონ ან იქნებ გულაგში გააგზავნონ? ან უკეთესი - გააგზავნონ გულაგში და იქ ჩაცხრილონ. ნუ, დასავლელი მაყურებლებისთვის ასე ყველაფერი ცხადი გახდება, მათ უბრალოდ დათვი და აკორდეონი აკლით... მხოლოდ ისინი, როგორც იქნა, გვეტყვიან სიმართლეს ამ საზარელ ტრაგედიაზე!"

გაზეთმა კომსომოლსკაია პრავდამ კი დაწერა, რომ სერიალი რუსეთის ბირთვული სახელმწიფოს იმიჯს ჩრდილს აყენებს.

რუსეთის უფროსი თაობისთვის ერთერთმა ყველაზე პოპულარულმა გაზეთმა არგუმენტ ი ფაქტი HBO-ს სერიალი ჩერნობილი შეაფასა, როგორც "კარიკატურა და არა სიმართლე".

HBO-სა და Sky Atlantyc-ის ახალი მინი სერიალი ჩერნობილი ხუთსერიანი ისტორიული დრამაა, რომელიც სსრკ-ში ქალქ პრიპიატში 1986 წლის აპრილში ჩერნობილის ტრაგედიის რეალურ ამბავს და საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსნების მიერ აფეთქების დაფარვის მცდელობებზე მოგვითხრობს. მინი სერიალი ბელორუსი ნობელის ლაურეატის სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნის "ჩერნობილის ხმები" მიხედვით არის გადაღებული. წიგნი აფეთქების დროს ქალაქ პრიპიატის მცხოვრებთა მონათხრობზე არის დაფუძნებული.

კომენტარები