ნათია თურნავა

თურნავა: საქართველოს ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე დინამიურია რეგიონში

კომერსანტი

"მოგეხსენებათ კარგად, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩნვენებელი არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ჩვენს რეგიონში და ჩვენ უახლოეს ათ წლიანი პერსპექტივაში სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებით ის გადააჭარბებს 5%-ს, რაც არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი." - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პარლამენტში ვიზიტისას.

თუმცა, მისივე თქმით, 5%-იანი ზრდა საკმარისი არაა და მთავრობის მიზანია, გამოიყენოს "ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ყველა რესურსი."

"თუმცა არის თუ არა ეს საკმარისი? არაერთხელ თქმულა, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო მათ შორის და მთლიანად სამთავრობო გუნდი, ვგეგმავთ გავატაროთ ყველა ღონისძიება იმისათვის, რომ უფრო მეტად ჩავრთოთ ყველა აუთვისებელი რესურსი ეკონომიკურ ზრდაში." - აცხადებს მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4.7%-ით გაიზარდა. 2019 წლის პირველ კვარტალში ზრდა იგივე ოდენობის იყო. ეროვნული ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 5%-ით გაიზრდება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი 4.5%-ით.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

2016 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.7% შეადგინა, 2017 წელს კი 4.8%.

თურნავა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, პარლამენტის კითხვებს პირველად პასუხობს.

კომენტარები