აბაშიძე-კარასინის ფორმატი

მილიტარიზაცია, სავაჭრო ურთიერთობები, ლუგარის ლაბორატორია - რაზე ისაუბრა აბაშიძემ კარასინთან

ზურაბ აბაშიძე და კარასინი

კარასინთან შეხვედრაზე აბაშიძემ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე, სავაჭრო ურთიერთობებზე და ლუგარის ლაბორატორიაზე ისაუბრა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.

"აღინიშნა, რომ ადგილი აქვს ამ რეგიონების მზარდ მილიტარიზაციას, უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპები. მოყვანილი იქნა კონკრეტული მაგალითები", - ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატია.

"გამოითქვა იმედი, რომ ჟენევის ფორმატში შესაძლებელი გახდება ხელშესახები პროგრესის მიღწევა", - აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა, სატრანსპორტო კავშირები და გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები.

"ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ სფეროებში ჩართული ქართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე", - აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, "იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მხარე გამუდმებით აყენებს კრიტიკულ კონტექსტში საკითხს ე.წ. ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით", ზურაბ აბაშიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღნიშნული ცენტრის კარი ღიაა ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსი მეცნიერებისა და ექსპერტებისათვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე საუბარი შეეხო "საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასაც.

"კერძოდ, აღინიშნა, რომ მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული შეთანხმების წარმატებით რეალიზაციას", - ამბობენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა გუშინ, 13 ივნისს, ქალაქ პრაღაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

კომენტარები