ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის ლიდერის ბოდიშის მიუხედავად "დაახლოებით 2 მილიონი მომიტინგე" მის გადადგომას ითხოვს

DW

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, ჰონგ-კონგელები კანონპროექტის სრულ გაწვევასთან ერთად ლამის გადადგომასაც ითხოვენ. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, 16 მაისის საპროტესტო აქციას, დაახლოებით, 2 მილიონი მოქალაქე შეუერთდა, რისი დადასტურების შემთხვევაში, ეს ჰონგ-კონგის ისტორიაში ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია იქნება.

მთვარობის ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, რომ ქალაქის ლიდერმა პასუხისმგებლობა აიღო 12 ივნისს მომხდარ მოვლენებზე, როდესაც პოლიციისგან ნასროლი რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად 70-ზე მეტი მომიტინგე დაშავდა.

"ლიდერი აღიარებს, რომ ჰონგ-კონგის საზოგადოებაში ფართომასშტაბიანი დაპირისპირება და კონფლიქტი ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატურმა მუშაობამ გამოიწვია, რამაც ბევრი მოქალაქე იმედგაცრუებული და შეწუხებული დატოვა. ის ბოდიშს უხდის საზოგადოებას და პირობას დებს, რომ ხალხის გულწრფელ კრიტიკას მიიღებს," - ვკითხულობთ განცხადებაში.

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება. 

"დღევანდელ აქციაში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი იღებდა მონაწილეობას," - განაცხადა სამოქალაქო ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფის წევრმა.

მსვლელობა 16 ივნისს ვიქტორიას პარკიდან დაიწყო და საკანონმდებლო საბჭოს შენობის მიმართულებით გაგრძელდა. საღამომდე მომიტინგეებმა ქალაქის ყველა მნიშვნელოვანი ქუჩა დაიკავეს. აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა. 12 ივნისის აქციისგან განსხვავებით, პოლიციელები უკან იხევდნენ, რათა ქალაქის ქუჩებში ხალხს გასვლა შეძლებოდა.

შავებში ჩაცმულმა მომიტინგეებმა თეთრი ყვავილებითა დროშებით პატივი მიაგეს ერთერთ აქტივისტს, გვარად ლეუნგს, რომელიც ხელში ბანერის ჭერის დროს შენობიდან გადავარდა და დაიღუპა.

მომიტინგეებს პლაკატები ეკავათ წარწერით "სტუდენტები არ აჯანყებულან". 12 ივნისის აქცია, სადაც 70-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, პოლიციელებმა "სტუდენტების აჯანყებად" შეაფასეს.

"თუ კერი ამდენ ადამიანს ხედავს და მაინც არ ისმენს - ის ავტორიტარი მმართველი ყოფილა, რომელიც არ უსმენს ხალს. ჰონგ-კონგელი ხალხი ამას არ დაუშვებს," - განაცხადა 20 წლის ქლოე იმმა, რომელიც 16 ივნისის აქციებს პირველად შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ საკამათო კანონით ჰონგ-კონგიდან დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

კანონპროექტის შესახებ მთავრობის წინააღმდეგ ჰონგ-კონგში მილიონამდე ადამიანმა საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. 

12 ივნისს ჰონგ-კონგში პოლიციამ მომიტინგეების რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით, წიწაკის აეროზოლითა და ხელკეტებით დარბევა დაიწყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე მომიტინგემ მთავრობის შენობაში შეცვლა სცადა და პოლიციას პლასმასის ბოთლები ესროლა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც ამ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

აქციები გასულ კვირას დაიწყო და 1997 წლის შემდეგ ეს ყევლაზე დიდი საპროტესტო აქციებია ჰონგ-კონგში.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები