ავთანდილ მამედოვი

მარნეულში აზერბაიჯანელი აქტივისტი დააკავეს

რუსთავი 2

მარნეულში აზერბაიჯანელი აქტივისტი, ავთანდილ მამედოვი დააკავეს. მისი ცოლის თქმით, მამედოვი პოლიტიკური დევნილია და თუ აზერბაიჯანში დააბრუნებენ, იქ აუცილებლად დააპატიმრებენ.

"სადღაც პირველი საათი იქნებოდა, ჩემი მეუღლე საცხოვრებელი ბინის უკან დააკავეს. თავიდან მარნეულის პოლიციიდან დაურეკეს, რომ მოდიოდნენ და უნდა ენახათ. ჩავიდა თუ არა ავთანდილი, ხელებზე ბორკილები დაადეს. თარჯიმანმა დამირეკა - შენი მეუღლე დაკავებულია და ჩამოდით, მისი ნივთები წამოიღეთო. გადმომცეს მისი ნივთები და ტელეფონი და მითხრეს აზერბაიჯანის მოთხოვნის საფუძველზე არის დაკავებული და შეიძლება გადავცეთო. მეშინია მართლა ასე არ მოხდეს, მას იქ კარგი დღე არ ელოდება. ჩემი მეუღლე აზერბაიჯანიდან პოლიტიკური დევნილია, რადგან იქ ის უფლებადამცველი იყო და იქაურ ხელისუფლებას არ მოეწონა, ამიტომაც დაიწყეს მისი შევიწროება", - ამბობს გუნელ მამედოვა რუსთავი 2-თან.

მამედოვის დაკავებას ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ ის აზერბაიჯანის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

უწყებაში ამბობენ, რომ მის მიმართ 2017 წელს თაღლითობის ფაქტზე აღიძრა საქმე, 2018 წელს კი მამედოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორ აღმოჩნდა უფლებადამცველი საქართველოში, ამაზე შსს-ში არ საუბრობენ. უწყების ინფორმაციით, საქართველოში დაკავებულ ავთანდილ მამედოვს შესაბამისი პროცედურების შემდეგ ქვემო ქართლის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლებენ.

უწყებაში ადასტურებენ იმასაც, რომ მამედოვმა 2017 წელს საქართველოს შესაბამის კომპეტენტურ უწყებას საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა.

"ყველა შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ, მას მოთხოვნაზე უარი ეთქვა, საფუძვლების არარსებობის გამო. თავშესაფრის მაძიებელმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში და ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. შესაბამისად, პროცესის დასრულებამდე ა.მ. ითვლება საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებელი პირი არ შეიძლება იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო გადაწყვეტილებას არ მიიღებს ან სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შევა", - აღნიშნავენ შსს-ში.

ავთანდილ მამედოვის თავშესაფრის შესახებ სასამართლო პროცესი 21 ივნისსაა ჩანიშნული.

ცნობისთვის, მამედოვი არ არის აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირველი ადამიანი, ვინც საქართველოში დააკავეს. ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

კომენტარები