20 ივნისის აქცია

რეზინის ტყვია კისერში - აქციის დარბევისას მძიმედ დაშავებულის ტომოგრაფიის ფოტო

ევროპული საქართველოს დეპუტატმა ოთო კახიძემ 20 ივნისის აქციის დარბევისას ერთერთი დაშავებულის კისრის ტომოგრაფიის ფოტო გაავრცელა. ფოტოზე კისერში შესული რეზინის ტყვია ჩანს. კახიძის ინფორმაციით, პაციენტი ნიუ ჰოსპიტალში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

კლინიკაში ტაბულას ინფორმაციას არ აძლევენ. მათი თქმით, უფლება არ აქვთ და "პაციენტის კონფიდენციალობას" დაარღვევენ, თუ კონკრეტულ ფოტოზე რამეს იტყვიან. ტაბულამ მხოლოდ იმის დადასტურება ითხოვა, რომ პაციენტი აქციიდან შეიყვანეს, თუმცა, უარი გვითხრეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლისას 160 ადამიანი დაშავდა. ასევე, კლინიკებში გადაიყვანეს 80 - პოლიციელი. დარბევისას საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანებიდან ორმა მხედველობა დაკარგა, რადგან რეზინის ტყვია მოხვდათ თვალში, მათ შორის ერთი, 18 წლის გოგო ასევე ნიუ ჰოსპიტალში მკურნალობს. მისი დის თქმით, თვალის გარდა, "ყბა-სახის ქირურგმაც იმუშავა".

ალადაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება აქციის დაშლის დროს ერთი დაზარალებული. მას ნეიროქრირგიული ოპერაცია ჩაუტარდა. 

აქციის ძალადობრივი დაშლისას დაშავდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ოპერატორები.

კომენტარები