აქციის დაშლა

შსს: დაშლისას 2 სამართალდამცველის ქმედებაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები

ტაბულა

შსს-ს ინფორმაციით, 10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა, მათ შორის ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და მასალები რეაგირების მიზნით გადაიგზავნება გენერალურ პროკურატურაში. ამის შესახებ დღეს შსს-ში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ გამართა ბრიფინგი. 

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, რამაც მოგვიანებით, შეიძინა ძალადობრივი ხასიათი - აქციის მონაწილეები შეეცადნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღებას, ჯგუფურად თავს დაესხნენ პოლიციელებს და სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით გაუწიეს მათ წინააღმდეგობა. მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, აქციის დასაშლელად, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა კანონით განსაზღვრული სპეციალური საშუალებები. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს აქციის დაშლის დროს ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების მოკვლევას. შესწავლის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება. ამ ეტაპზე, მათ შორის ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, აღნიშნული მასალები რეაგირების მიზნით გადაიგზავნება გენერალურ პროკურატურაში," - თქვეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გენერალურ პროკურატურას მიაწოდოს მოკვლევის პროცესში მოპოვებული ყველა მასალა.

20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილი ადამიანები პარლამენტში რუსი დეპუტატების მისვლას აპროტესტებდნენ. მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება დაიწყო. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, რა დროსაც, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, ისროლეს რეზინის ტყვიებიც. დარბევა, დაახლოებით, ღამის 12 საათისკენ დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. 5 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი მოქალაქეების დარბევას რეზინის ტყვიებით, გაზითა და წყლის ჭავლებით ცდილობდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე სულ 240 ადამიანი დაშავდა. აქედან 80 პოლიციელი იყო, 31 ჟურნალისტი დანარჩენი კი აქციის მონაწილეები იყვნენ.

დაშავებულებს რეზინის ტყვიები მოხვდათ თავში, სახეში, თვალში, ფეხში, ხელში, ზურგში. ზოგ შემთხვევაში ერთ ადამიანს არა ერთი, არამედ ათამდე ტყვიაც კი მოხვდა. 

სხვადასხვა ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმის თანამშრომლები რეზინის ტყვიებს არა ზემოდან ქვემოთ ისროდნენ, როგორც წესია, არამედ პირდაპირი დამიზნებით. ასევე, რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები მიწაზე დაგდებულ ადამიანებს წიხლებს. 

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ სულ აქციის მონაწილე 305 ადამიანი დაიჭირა. 

კომენტარები