პროპორციული სისტემა

როგორ შეიძლება განაწილდეს მანდატები სრულად პროპორციული, უბარიერო სისტემით

ტაბულა

24 ივნისს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული, უბარიერო სისტემით ჩატარდება. მოგეხსენებათ, აქამდე საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ტარდებოდა. 150 მანდატიდან 73 მაჟორიტარ დეპუტატებზე ნაწილდებოდა, 77 კი პროპორციულად, პარტიული სიებიდან ივსებოდა. თუმცა აქამდე პარტიებისთვის მოქმედებდა 5%-იანი ბარიერი, რომელიც 2020 წელს ერთჯერადაც მოიხსნება და 2024 წლიდან კვლავ ამოქმედდება. 

“უბარიერო” სისტემა უზრუნველყოფს, რომ პარლამენტში მეტი პარტია შევა და ამასთან, პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტაცია მოხდება, რადგანაც მეტ ძალას და პოლიტიკოსს გაუჩნდება იმედი, რომ საკანონმდებლო ორგანოში სხვებთან გაერთიანების გარეშეც მოხვდებიან.

იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ დანაწევრდება პოლიტიკური სპექტრი, ჩვენ შევიმუშავეთ საპარლამენტო არითმეტიკის სიმულაციური მოდელი. ამისათვის, გამოვთვალეთ ამომრჩევლის მედიანური აქტივობის მაჩვენებელი 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩათვლით და მოქმედი პოლიტიკური პარტიების საშუალო მხარდაჭერა ბოლო ორ არჩევნებზე, რომელზეც მონაწილეობა მიიღეს (თუ ასეთი მხოლოდ ერთი იყო, ის შედეგი ავიღეთ).

ჩვენი მოდელით, არჩევნებზე 1 619 668 ამომრჩეველი მიდის. “უბარიერო” სისტემა სინამდვილეში იმას ნიშნავს, რომ პარტიებს ბარიერის გადალახვა მაინც მოუწევთ. ოღონდ ამ შემთხვევაში ბარიერი იქნება იმდენი ხმა, რამდენიც საჭიროა ერთი მანდატის მოსაპოვებლად. ეს კი დამოკიდებული იქნება უშუალოდ არჩევნების დღეს ამომრჩეველთა აქტივობაზე. ხმების მინიმალური რაოდენობის გამოსაანგარიშებლად, საჭიროა, ამომრჩეველთა რაოდენობა გავყოთ მანდატების რაოდენობაზე. ჩვენი მოდელის შემთხვევაში, 1 619 668 უნდა გავყოთ 150-ზე. შედეგად ვიღებთ, რომ პარლამენტში ერთი მანდატის მოსაპოვებლად, პარტიამ 11 298 ხმა უნდა აიღოს.

ბოლო ორ არჩევნებში, ქართულ ოცნებას საშუალოდ ამომრჩევლის 42.89% უჭერს მხარს, რაც 68 მანდატს უდრის. ნაციონალური მოძრაობა საშუალოდ ხმების 25.03%-ს იღებდა, რაც 40 მანდატის ტოლია. ევროპული საქართველო იღებს საშუალოდ 9.76%-ს და შესაბამისად, 16 მანდატს, პატრიოტთა ალიანსი 5.5%-ს და 8 მანდატს. ეს ოთხი პარტია, ამ მონაცემებით, პარლამენტში 5%-იანი ზღვარის პირობებშიც შევიდოდა. თუმცა უბარიერო სისტემა კიდევ არაერთს უღებს კარს. ბოლო ორი არჩევნების შედეგიდან გამომდინარე, ასეთი კიდევ ექვსი პარტიაა: ლეიბორისტები (5 მანდატი), დემოკრატიული მოძრაობა-ნინო ბურჯანაძე (4 მანდატი), გირჩი (3 მანდატი), შენების მოძრაობა (დავით უსუფაშვილი), რესპუბლიკელები და კახა კუკავა-თავისუფალი საქართველო (თითოეული 2-2 მანდატი).

რასაკვირველია, ჩვენი მოდელი უხეშად ასახავს მანდატების განაწილებას. პოლიტიკურ ველზე გამოჩნდნენ ისეთი ძალები, ვისაც აქამდე ეროვნულ დონეზე კენჭი არ უყრია, მაგალითისთვის ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობა” და ირაკლი ოქრუაშვილის “გამარჯვებული საქართველო”. გარდა ამისა, სავარაუდოა, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც მაჟორიტერებად შედიოდნენ პარლამენტში და დროდადრო ერთი მმართველი პარტიიდან მეორეში გადაბარგებასაც არ თაკილობდნენ ხოლმე, ამჯერად მცირე პარტიებს შექმნიან. რადგანაც ჩვენი მოდელით ერთი მანდატის მისაღებად დაახლოებით 11 200 ხმა კმარა, დიდია შანსი, რომ რამდენიმე ასეთმა შეძლოს პარლამენტში შესვლა.

ამგვარად, ჩანს, რომ მთავრობის მარტო ფორმირებას ვერც ერთი პარტია ახერხებს. 2020 წელს, უდიდესი ალბათობით, საქართველოს პირველად ეყოლება კოალიციური ან უმცირესობის მთავრობა.

კომენტარები