რუსული სანქციები

მთავრობა სანქციებით დაზარალებულ მცირე ბიზნესს საკრედიტო-საგარანტიო სქემით დაეხმარება

ნათია თურნავა
ტაბულა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იმაზე ისაუბრა, თუ როგორ აპირებს მთავრობა რუსული სანქციებით დაზარალებული ბიზნესის დახმარებას.

თურნავა ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ზოგადი მონახაზის წარდგენა შეუძლია და ვრცლად მთავრობის გეგმაზე მომდევნო კვირაში წარადგენს, ახლა კი სამ პუნქტზე საუბრობს:

"მთავარი აქცენტი არის საქართველოს მშვიდი ტურისტული იმიჯის განმტკიცება. აქ ვმუშაობთ ჩვენ ჩვენს კოლეგებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთანე ერთად, დიპლომატიური არხები გვაქვს ჩართული. მეორე მიმართულება არის დახმარება ლოჯისტიკაში და აქ ჩვენ ფინანსური კონტრიბუციით შემოვალთ. მესამე მიმართულება არის კონკრეტული ფინანსური მხარდაჭერა, განსაკუთრებით მცირე სასტუმროების მეპატრონეებს, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედებით. ამ თემაზე გვაქვს კონსულტაცია ბანკებთან." - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

თურნავა საუბრობს ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვაზეც. მისი თქმით, 2020 წლიდან დიდი ალბათობით საქართველოში ავიაკომპანია Ryanair დაიწყებს ფრენას, რაც ახალი ტურისტულ მიმართულებებს გახსნის:

"იმისთვის, რომ 2020-ში დაიწყოს Ryanair-ის ფრენები და ამის ძალიან დიდი ალბათობა არსებობს, ჩვენ 2019 წლის ბოლომდე ინტენსიურად უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები. ჩვენ მივიღეთ პირველი შემოთავაზება, გავაანალიზეთ, იყო გარკვეული ფრენები, რომლებიც ემთხვეოდა არსებულ ფრენებს და ჩვენი ამოცანა არის, რომ უფრო აქცენტი გავაკეთოთ ახალ ფრენებზე, საიდანაც ჩვენ მეტი ახალი ტურისტი შემოგვივა." - თქვა თურნავამ.

კომენტარები