ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში ასობით მომიტინგე საკანონმდებლო შენობაში შეიჭრა [VIDEO]

SCMP

1-ლ ივლისს ჰონგ-კონგში ასობით მომიტინგე საკანონმდებლო შენობაში შეიჭრა. ათობით ათასობით ადამიანი შენობის გარეთ აკვირდებოდა მიმდინარე მოვლენებს. მომიტინგეები კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის საკამათო კანონპროექტის სრულ გაწვევას, ქალაქის ლიდერის კერი ლამის გადადგომასა და მეტ დემოკრატიას ითხოვენ.

პოლიციამ მომიტინგეები გააფრთხილა, რომ საკანონმდებლო შენობაში შეჭრის შემთვევაში ისინი ძალას გამოიყენებდნენ, თუმცა ამჯერად სამართალდამცავები მომიტინგეების წინააღმდეგ ჯერ არ წასულან.

საკანონმდებლო შენობის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციის მონაწილეებთან დაპირისპირების შემდეგ მომიტინგეები ხელკეტებით დაარბია. აქცია და დარბევა დიდი ბრიტანეთის მიერ ჩინეთისთვის ჰონგ-კონგის ტერიტორიის გადაცემის წლისთავს დაემთხვა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი კვირების მანძილზე ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. 

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.

12 ივნისს ჰონგ-კონგში პოლიციამ მომიტინგეების რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით, წიწაკის აეროზოლითა და ხელკეტებით დარბევა დაიწყო.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც ამ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები