გიორგი გაბუნია

როგორ გამოეხმაურა კრემლი და მისი მედია პუტინის გინებაზე საქართველოს ხელისუფლების რეაქციას

globallookpress.com

ოკუპანტი სახელმწიფოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ის ფაქტი, რომ რუსთავი 2-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში ვლადიმირ პუტინის გინება რამდენიმე წუთში საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა, პარლამენტის მოქმედმა თუ ყოფილმა თავმჯდომარემ, დედაქალაქის მერმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმეს, არც ის, რომ პრორუსულმა დაჯგუფებამ არხის დახურვის მოთხოვნით რუსთავი 2-თან საპროტესტო აქცია მოაწყო. 

რუსული სახელისუფლებო მედია დიდი ენთუზიაზმით აქტიურად წერს, რომ ქართველების ნაწილმა ჟურნალისტის მიერ პუტინის შეურაცხყოფა ტელეკომპანიასთან გააპროტესტა, ხოლო ხელისუფლებამ გიორგი გაბუნიას გინება მაშინვე დაგმო. 

"პუტინის მისამართით შეურაცხყოფამ რუსთავი 2 პროტესტამდე მიიყვანა" - ასე ჰქვია TASS-ის სტატიას, სადაც დეტალურად არის განხილული, როგორ გაემიჯნა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. 

"რუსთავი 2 საქართველოს ხელისუფლების რეაქციას პუტინის გინებაზე მუქარად თვლის" - ეს კი RIA Novosti-ის სათაურია, სადაც გამოცემა წერს, რომ სოციალურ ქსელში ქართველი მომხმარებლების უმრავლესობა გიორგი გაბუნიას გინებას გაემიჯნა. 

"საქართველოს ოპოზიციური ტელეკომპანიის წამყვანმა პირდაპირ ეთერში პუტინს აგინა, რამაც ქვეყანაში კოლაფსი გამოიწვია" - წერს პროპაგანდისტული Russia Today. ტელეკომპანია "კოლაფსად" რუსთავი 2-ის წინ მომიტინგე 100-მდე ადამიანს მიიჩნევს და ამას მასობრივ პროტესტად წარმოაჩენს. 

"საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავი 2-ის წამყვანის მიერ პუტინის გინებას პროვოკაცია უწოდა" - Interfax-ზე პირველი ნიუსი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე დაყრდნობთ დაიდო, სადაც ასევე პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის Twitter-ზე დაწერილი პოსტიც იყო მოშველიებული. 

გაბუნიას მიერ პუტინის გინებას კრემლი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, უწყების სპიკერი და ცალკეული დეპუტატებიც გამოეხმაურნენ. 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის, თქმით, საქართველოში "რუსოფობიის" ახალ-ახალი გამოვლინებების ერთერთი მიზეზი ის არის, რომ "ხელისუფლებას არ სურს მოთოკოს ექსტრემისტული განწყობების მქონე ახალგაზრდები". პესკოვი, სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციას გულისხმობს. 

"ჩვენ თქვენთან ერთად ვაკვირდებით ბოლო დღეებში რუსოფობიის სულ ახალ და ახალ შემთხვევებს და ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა იმის შედეგი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ან არ სურს, ან მზად არ არის, მოთოკოს ექსტრემისტული განწყობების მქონე ახალგაზრდები. სწორედ ეს არის ის უარყოფითი შედეგი, რომელსაც თვალს ვადევნებთ", - თქვა პესკოვმა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი, გაბუნიას განცხადებას "თავისი სიმდაბლით უპრეცედენტო" უწოდა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მსგავსად, საერთაშორისო საზოგადოებას მისი დაგმობისკენ მოუწოდა. 

"რუსთავი 2-ის ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას განვიხილავთ, როგორც ქართული რადიკალური ძალების კიდევ ერთ ღია პროვოკაციას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების წინააღმდეგ. ეს ინციდენტი ცხადი მაგალითია იმისა, სადამდე მიდის უკონტროლო რუსოფობია",- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება. 

ხოლო უწყების სპიკერმა, მარია ზახაროვამ, ამ შემთხვევას "საქართველოს უბედურება" უწოდა. 

კომენტარები