თურქეთი

თურქეთმა რუსული S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის პირველი ნაწილი მიიღო

Getty Images

თურქეთმა რუსული S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის პირველი ნაწილი მიიღო. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით რაკეტები ამჟამად ანკარასთან ახლოს ავიაბაზაზეა განთავსებული. მათივე თქმით სისტემას სირიის საზღვართან განათავსებენ.

მიმდინარე თვის დასაწყისში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ამის გამო აშშ თურქეთს სანქციებს არ დაუწესებს.

მიუხედავად ამისა, აშშ-მა უკვე დაიწყო თურქეთის F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან გარიცხვის პროცესი და შეაჩერა თურქი პილოტების წვრთნა.

თუმცა, ერდოღანის თქმით ტრამპმა მას უთხრა, რომ რუსეთთან შეთანხმების გამო თურქეთს სანქციები არ დაუწესედება და რომ ამ გადაწყვეყილების გამო თურქეთს უსამართლოდ ექცევიან:

"ჩვენს სატელეფონო საუბრებში, როდესაც ერთმანეთს პირისპირ შევხვდით, ტრამპს ამ დრომდე არ უთქვამს "ჩვენ სანქციებს დაგიწესებთ" S-400-ების გამო. მან მითხრა "მართალი ხარ". ჩვენ ეს საკითხი ძალიან ღრმად განვიხილეთ და ტრამპმა თქვა, რომ ეს უსამართლობაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ამ პროცესს უპრობლემოდ დავასრულებთ." თქვა მან.

თუმცა, დიდი ოცეულის სამიტზე ტრამპის და ერდოღანის მოლაპარაკებების შემდეგ თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ ტრამპმა ამ საკითხზე შეშფოთება გამოხატა და თურქეთს მოუწოდა ითანამშრომლოს აშშ-სთან და ნატოსთან თავდაცვის საკითხებში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მაისში თქვა, რომ რუსეთისაგან S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შეძენის შემდეგ ანკარა მოსკოვთან ერთად S-500 ტიპის თავდაცვის სისტემის წარმოებაზეც იმუშავებს.

აშშ-მა თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას პრობლემატური უწოდა და თქვა, რომ ეს რისკის ქვეშ დააყენებს მათთვის F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვას, თუმცა ამის თაობაზე ერდოღანმა თქვა, რომ აშშ ამ საკითხზე ყოყმანობს და თურქეთი საბრძოლო თვითმფრინავებს ადრე თუ გვიან მაინც მიიღებს.

აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ არ სურთ ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების რუსულ სარაკეტო სისტემასთან განთავსება, რადგან ამგვარად, შესაძლოა, რუსეთმა მისი სისუსტეების შესხებ ინფორმაცია მოიპოვოს.

შეთანხმების მიხედვით თურქეთი რუსეთისაგან დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების S-400 ტიპის სარაკეტო სისტემებს შეიძენს.

თურქეთი და რუსეთი იარაღის შეძენის შესახებ მოლაპარაკებებს წელიწადზე მეტია აწარმოებენ.

შეთანხმებამ NATO-ს მოკავშირეებში შეშფოთება გამოიწვია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ იარაღის NATO-ს თავდაცვის სიტემაში ინტეგრაცია ვერ მოხდება.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ რუსული S-400-ის ყიდვით თურქეთი NATO-ს არ ემიჯნება. მისი თქმით, ამ შენაძენის გამო ანკარა არ უნდა გამოითიშოს F-35 პროექტიდან.

კომენტარები