უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს წევრებს სთხოვს, არ იხმაურონ, პასუხად შეურაცხყოფას იღებს

ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე საბჭოს სხვა წევრებს სთხოვს, არ იხმაურონ

ჯანეზაშვილი ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე მოუწოდებს სხდომის ხელმძღვანელს, დიმიტრი გვრიტიშვილს, უზრუნველყოს წესრიგი გასაუბრების პროცესში. 

ჯანეზაშვილის ამ თხოვნას დღეს, 25 ივლისს, კანდიდატ გოგიტა თოთოსაშვილთან გასაუბრების დროს გვრიტიშვილის და საბჭოს სხვა წევრების მხრიდან შეურაცხყოფა და საყვედური მოჰყვა. 

ნაზი ჯანეზაშვილი: კიდევ ერთხელ გთხოვთ, ბატონო არალეგიტიმურო თავმჯდომარევ, მართალია, მე არ ამირჩევიხართ, მაგრამ ვინც აგირჩიათ, იმ ადამიანებს მოუწოდეთ, ერთმანეთს სცენ პატივი. 

დიმიტრი გვრიტიშვილი: ვის უნდა სცენ პატივი, თქვენ უნდა გცენ პატივი, ქალბატონო ნაზი? ერთმანეთს პატივს სცემენ ესენი და ვინ სად გაიღიმებს და სად გაიხედება, თქვენ სიამოვნებაზე არ იქნება. შეეგუეთ ამ სიტუაციას და გააგრძელეთ შეკითხვების დასმა. თქვენ აქ დესპოტი არ ხართ, რომ ხალხს ღიმილი უკონტროლოთ

ნაზი ჯანეზაშვილი: არა, ბატონო დიმიტრი, ხმაურია, ხმაური. არასერიოზული პროცესია. 

სერგო მეთოფიშვილი: იგონებთ თქვენ ახლა, რომ დაფიქსირდეს სხდომის ოქმში, არანაირი ხმაური არ არის. რა ტერმინია ხითხითი, შეურაცხყოფებს დაანებეთ თავი, ქალბატონო ნაზიბროლა. თქვით ვინ ხითხითებს აბა. 

ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ყველაზე მეტ კითხვას უსვამს. მისი შეკითხვები თანასწორობას, გამოხატვის თავისუფლებას, კორუფციას და სხვა კრიტიკულ საკითხებს ეხება. მისი კითხვები და პოზიციები საბჭოს მოსამართლე წევრების კრიტიკას და აღშფოთებას იწვევს. ჯანეზაშვილი სხდომებზე კოლეგების მხრიდან ზეწოლის და წნეხის ობიექტია. 

მან და საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ასევე პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები გვიან ღამემდე გრძელდება და ეს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციადაც შეაფასეს, ვინაიდან უგულებელყოფილია ის, რომ ისინი დედები არიან და შვილები ჰყავთ. 

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ეს ფაქტი ასევე შეაფასა, როგორც ირიბი დისკრიმინაცია და ხარისხის ხარჯზე პროცესის დაჩქარების მცდელობა. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. დღეში გამოიკითხება 3 კანდიდატი. გასაუბრება დილის 10 საათზე იწყება და საშუალოდ 12 საათს გრძელდება. 

საბჭომ სულ 50 კანდიდატი უნდა გამოკითხოს, მათგან 20-ს კი პარლამენტს წარუდგენს 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრათლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.

ნეპოტიზმის, გარიგებებისა და კლანურობის გამო ჯანეზაშვილი და დოლიძე კონკურსის შეწყვეტას და მის ხელახლა გამოცხადებასაც ითხოვდნენ.

კომენტარები