სტიქია სვანეთში

მესტიაში მდინარის ადიდების შედეგად ჰესის "მესტიაჭალა 1" ნაწილი და 10-მდე მანქანა განადგურდა

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ჭალაადის ტერიტორიაზე, მდინარის ადიდების შედეგად ჰიდროელექტროსადგურ "მესტიაჭალა 1-ის“ინფრასტრუქტურის ნაწილი და ათამდე მანქანა განადგურდა. 

მერიის ცნობით:

"დაბა მესტიაში რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლეხზირის ხეობაში, დიდი რაოდენობის ნატანი მასალის მდინარე მესტიაჭალაში ჩადინებამ მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა განაპირობა. აღნიშნულიდან გამომდინარე ჭალაადის მყინვარის მიმდებარე ტერიტორია დაფარულია ნატანი მასალით, განადგურებულია რამდენიმე ავტომანქანა, საავტომობილო ხიდი და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა.

ასევე დაზიანებულია „წრნიაშიდან“ წყლის მიმღები ცენტრალური მაგისტრალის ორი მილი, რომლებიც ამარაგებენ დაბა მესტიას სასმელი წყლით, ამ დროისთვის დაბა მესტიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სასმელი წყალი არ მიეწოდება. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაზიანების ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ. 

ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან მხოლოდ სასაზღვრო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. 

ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. ამ დროისთვის დაბა მესტიაში ისევ გადაუღებლად წვიმს". 

ასევე, მესიტიის კიდევ ერთ სოფელში, მულახში, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე მულხურა ადიდდა. მდინარემ სოფელ ჭოლაშში გადასასვლელ ხიდს სამაგრები გამოაცალა, რის შედეგადაც აღნიშნული სოფლისკენ გადაადგილება ამ დროისთვის შეუძლებელია. ადიდებულმა მდინარემ სრულად გაანადგურა სოფელ ჩვაბიანის შიდასასოფლო დანიშნულების ხიდი.


ფოტო: მესტიის მუნიციპალიტეტის მერია

ძლიერმა წვიმამ ასევე გამოიწვია სოფელ ჟაბეშისა და სოფელ ჩვაბიანის ღელეების ადიდება, რის შედეგად დაზიანებულია შიდა სასოფლო სამანქანო გზები და მიმდებარე ტერიტორიები.

სტიქიის ადგილებზე იმყოფებოდა მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი. სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომენტარები