თიბისი ბანკის საქმე

ხაზარაძე და ჯაფარიძე ანაკლიის პორტის მმართველი საბჭოს თანამდებობებიდან გადადგებიან

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე
ტაბულა

​მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის პორტის მმართველის საბჭოდან წასვლას გეგმავენ. ამის შესახებ ხაზარაძემ დღეს, სასამართლოში შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრა.

მისი ინფორმაციით, ამ თემაზე პრესკონფერენცია მომავალ კვირაში გაიმართება.

გარდა ამისა, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ მთავრობა ღიად ებრძვის ანაკლიის პროექტს და დანაშაულია ის ზიანი, რაც მათ ბოლო ორი დღის განმავლობაში ქართულ ეკონომიკას მიაყენეს.

"იქედან გამომდინარე, რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ანაკლია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, ანაკლია არის შემოტრიალება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ორიენტაციის და ერთხელ და სამუდამოდ კარიბჭედ დაფიქსირება აზიასა და ევროპას შორის; მსხვილი ინვესტორების გაჩენა, რომლებთანაც ჩვენ თითქმის დამთავრებული გვქონდა მოლაპარაკება და ორი დღის წინ ისევ ამ ქაოსში ჩაგვაგდეს. აბსოლუტურად გაუგებარი რამ - ერთის მხრივ ამბობენ, რომ ანაკლიას მხარს უჭერენ და მეორეს მხრივ, პირდაპირ, ღიად ებრძვიან ამ პროექტს, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. ზიანი, რაც მათ ქართულ ეკონომიკას მათ მიაყენეს ბოლო ორი დღის განმავლობაში, ორი მილიონი ლარის სანაცვლოდ, ეს არის დანაშაული და დადგება დრო, რომ ამაზე პასუხს აგებენ.

მომავალ კვირას იქნება პრესკონფერენცია, შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, გადავიწევით უკანა პლანზე, ჩამოვშორდები მე თავმჯდომარეობას და ბადრი თავმჯდომარეობის მოადგილეს, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით. ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პროექტი არ გაჩერდეს და ვინმემ მერე არ დაგვაბრალოს ჩვენ, რომ ამის გამო სასიცოცხლო პროექტი გაჩერდა. შეუძლებელია ამ პირობებში ელაპარაკო ბანკებს 650 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე, როცა ყოველ დღე პროკურატურა სახალხოდ გადებს ასეთ ბრალდებებს", - თქვა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ანაკლიის პორტის სამეთვალყურეო საბჭო ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მართავს. თავის მხრივ, კონსორციუმი აერთიანებს იმ კომპანიებს და ბიზნესმენებს, რომლებიც ანაკლიის პორტის აშენებაზე არიან პასუხისმგებლები.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების შესახებ მსჯელობს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინა. ამ დრომდე, პროკურატურა არ ასახელებდა რას ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით. დღეს ადვოკატმა თქვა, რომ უწყება ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის მილიონ-მილიონ ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

-----

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

2019 წლის 14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტია. ამასთან, ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა "თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტი, რაც მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევაა".

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მუქარის წერილი გაუქზავნა.

"არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება [გიორგი გახარია], რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევასრულეთ. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება,"- თქვა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის მოსმენაზე. 

9 ივლისს კი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.

კომენტარები