ლარის კურსი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გაუფასურებაზე: ეს არის ძალიან მტკივნეული პროცესი

newposts.ge

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე ისაუბრა. გვენეტაძის თქმით, ლარის ისტორიული გაუფასურება უმთავრესად საგარეო შოკით არის განპირობებული.

"დღეს საქართველოს გადის საგარეო შოკს, საქართველოში ტურისტული შემოდინებების მოსალოდნელი რაოდენობა არის შემცირებული და ეს დასტურდება არსებული რიცხვებით. ეს რათქმაუნდა გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. ეს არის ძალიან მტკივნეული პროცესი მე აბსოლიტურად მესმის ყველასი ვინც ამ ცვლილების გავლენას განიცდის."

გვენეტაძის თქმით, საქართველოს ტიპის, ღია, მცირე ზომის ეკონომიკა ყოველთვის მოწყვლადია საგარეო რისკების მიმართ და პრევენციის ძირითადი მექანიზმი არის დედოლარიზაცია

"თუ კი შემოსავლები არის ლარში, სესხებიც უნდა გაიცემოდეს ეროვნულ ვალუტაში".

გვენეტაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მხოლოდ იმ შემთხვევაში განახორციელებს ინტერვენციებს თუ კურსის ზრდა, ინფლაციას შეეხება. "ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატი არის ინფლაცია, იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ დავინახეთ რომ გაცვლითი კურსი გავლენას ახდენს ინფლაციაზე, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს." 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, ანუ კურსი, რომელიც ითვალისწინების ჩვენი პარტნიორების გაცვლით კურსებსაც, არის იმაზე უფრო მეტად გაუფასურებული, ვიდრე იმ საგარეო შოკის ზომა, რაც ჩვენ გვაქვს. კობა გვენეტაძის აზრით, ეს შეიძლება იმას მიანიშნებდეს, რომ ეს პროცესი (ლარის გაუფასურება) დიდხანს არ გაგრძელდება. 

შეგახსნებთ, რომ ბოლო პერიოდში ლარი მკეთრად უფასურდება. ეროვნული ვალუტის 24 წლიან ისტორიაში, ბოლო ორი სავაჭრო დღის განმავლობაში ლარმა ისტორიული ანტირეკორდი განაახლა. ამ დროისთვის, კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2,99 ლარს აღწევს.

რაც შეეხება პარტნიორი ქვეყნების გაცვლით კურსს, ივნისში ყველაზე მეტად თურქული ლირა გაუფასურდა 20 პროცენტით, 2,2 პროცენტით გაუფასურდა რუსული რუბლი, 0,3 პროცენტით გაუფასურდა აზერბაიჯანული მანათი, თითქმის ერთი პროცენტით გამყარდა სომხური დრამი, ხოლო ლარის გაუფასურებამ იმავე პერიოდში 11 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები