როენა ხუცურაული

ადვოკატი: როენა ხუცურაული სექტემბრიდან სასტუმრო მამიდაში მიუსაფართა თავშესაფარს გახსნის

სასტუმრო "მამიდას“ მფლობელი, პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული როენა ხუცურაული სექტემბერში მიუსაფართა თავშესაფარს ხსნის. ამის შესახებ პრაიმტაიმს ხუცურაულის ადვოკატმა არჩილ დვალიშვილმა უთხრა. 

"სასტუმრო ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს. ქალბატონი როენა სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით მუშაობს. გარკვეული დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს, რომელსაც ზაფხულის პერიოდში მოაგვარებს და სექტემბერში სავარაუდოდ უკვე გაიხსნება თავშესაფარი. რაც შეეხება ქალბატონ როენას, მკურნალობის კურს გადის და თავს უკეთ გრძნობს“, - ამბობს დვალიშვილი.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე როენა ხუცურაული - მეტსახელად მამიდა, ამავე სასტუმროს მოიჯარე ზინაიდა ქორიძე - მეტსახელად სალომე და სასტუმრო გოლდის მფლობელი, ნ. დ 8 მაისს დააკავეს. 

"გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულები თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ" - აცხადებს შსს.

როენა ხუცურაულს აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. მუხლი, რომლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც "მამიდას" ედავებიან, 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები