ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

კობახიძე: მედიას დღესაც ევალება პარტიის კლიპის შემოწმება, იქნებ პორნოგრაფიის გაშვება უნდა?

პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ანტირეკლამის შეზღუდვასთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი ხელოვნურად ჩამოყალიბდა და მას არანაირი საფუძველი არ აქვს. 

მისივე თქმით, სააგიტაციო მასალა იმ შემთხვევაში არ გავრცელდება, თუ ის სიძულვილის ენას ან ქსენოფობიას შეიცავს. 

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რაღაცა რომ ავიღოთ პირობითად, რაღაცა რესპუბლიკური მოძრაობა. მიდის ტელევიზიაში და მიაქვს კლიპი, 30 წამიანი. ეს კლიპი შეიძლება იყოს მთლიანად პორნოგრაფია. დღესაც ევალება მედია საშუალებას ამის გადამოწმება, არის თუ არა ეს თავსებადი კანონმდებლობასთან. გაუშვას თუ არ გაუშვას. დღესაც წერია ეს. ესეც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა. იქნებადა უნდა იმ პარტიას პორნოგრაფიის გაშვება. ვუზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას, იმიტომ რომ სხვა ინტერესები დავიცვათ"- ამბობს კობახიძე. 

5 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ანტირეკლამაზე შეზღუდვები წესდება. კერძოდ, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტის მიხედვით, პარტიის წინასაარჩევნო რეკლამაში სხვა პოლიტიკური სუბიექტის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. 

ამასთან, ცვლილებათა პროექტით, დაუშვებელია ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი სარეკლამო რგოლის მომზადება და მაუწყებელთა მიერ მათი განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. 

"საარჩევნო სუბიექტის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა საარჩევნო სუბიექტის რეკლამის ელემენტებს, მათ შორის, მის წარმომადგენელს, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას" - წერია პროექტში. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს სიტყვისა და გამოხატვის შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯია. 

კიდევ რა ცვლილებების შეტანა იგეგმება საარჩევნო კოდექსში, ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მმართველმა გუნდმა რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქციის ფონზე 2020 წლის არჩევნებზე სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

ასევე წაიკითხეთ, რა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და რით განხსვავდება ის დღევანდელი მოდელისგან.

კომენტარები