აქცია ჰონგ-კონგში

ჰონგ-კონგის აეროპორტში პოლიციამ აქცია დაარბია

Shanghaiiist

13 აგვისტოს საღამოს ჰონგ-კონგის აეროპორტში პოლიციამ აქცია დაარბია. 

მომიტინგეებმა ტერმინალებში გზა გადაკეტეს, საზიდავებით და მგზავრთა ბარგით ბარიკადები ააგეს და მჯდომარე აქცია გამართეს. აეროპორტმა აქციების გამო რესები გააუქმა. შექმნილი დისკომფორტისთვის ზოგი მომიტინგე მგზავრებს ბოდიშს უხდიდა.

ადგილობრივი მედიის HKFP ინფორმაციით, მდგომარეობა გამწვავდა მაშინ, როდესაც მომიტინგეებმა ერთი მამაკაცი დაიჭირეს, რადგან თვლიდნენ, რომ ის იყო აგენტი კონტინენტური ჩინეთიდან. სოციალურ ქსელში Telegram გავრცელებული ინფორმაციით, ის ოფიცერი იყო, თუმცა აღნიშნულმა პირმა ბრალდება უარყო.

მოგვიანებით აეროპორტში პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა. მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცავებმა წიწაკის აეროზოლით, ხელკეტებით აქცია დაარბიეს და რამდენიმე მომიტინგე დააკავეს. Associated Press-ის ინფორმაციით, პოლიციის შეჭრის მიზეზი მომიტინგეების მიერ დაჭერილი მამაკაცის დახსნა იყო. 

მოგვიანებით, მომიტინგეებმა კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭირეს და ხელები შეუკრეს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის Global Times რედაქტორმა ხუ სიძინმა Twitter-ზე დაწერა, რომ აღნიშნული ადამიანი ფუ კუოხაო, GT-ის ერთერთი რეპორტიორი იყო. მოგვიანებით მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა. მომხდარის გამო მომიტინგეებმა ბოდიში მოიხადეს. 

ჩინეთის ჰონგ-კონგის საგარეო ოფისში აეროპორტში მომხდარი შემთხვევა დაგმეს და "ტერორიზმთან მიახლოებული" ქმედება უწოდეს. 

აქციის დარბევის შემდეგ ჰონგ-კონგის აეროპორტში მუშაობა განახლდა, თუმცა ზოგიერთი რეისი კვლავ გაუქმებული ან გადადებულია. 

აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, მომიტინგეებს გარკვეულ ადგილებში შესვლას დროებით უკრძალავენ.

მომიტინგეები დემოკრატიული რეფორმების გატარებას და დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ. ჰონგ-კონგში თვალახვეული მომიტინგეები პოლიციის ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებდნენ. 11 აგვისტოს პოლიციის ოფიცერი მომიტინგეებს ახლო მანძილიდან ესროდა ტყვიებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთერთ ქალს, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე იდგა და მოვლენებს თვალს ადევნებდა, "მარცვლების ტომრის" ტყვია მარჯვენა თვალში მოხვდა. ექიმის თქმით ქალმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.

11 აგვისტოს ჰონგ-კონგში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც აქციის 9 მონაწილე დაშავდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი და სხვა სახის იარაღი გამოიყენეს.

უკვე ორი თვეზე მეტია, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმკანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება - ისინი კერი ლამის გადადგომას, კანონის სრულ გაწვევასა და მეტ დემოკრატიას ითხოვენ.

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, ხელკეტით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც აქ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს იწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

 

 

 

კომენტარები