აქცია ჰონგ-კონგში

ტრამპი: სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ჩინეთს ჰონგ-კონგის საზღვართან ჯარი გადაჰყავს

დონალდ ტრამპი / სი ძინპინი

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა 13 აგვისტოს თავისი Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ჩინეთს ჰონგ-კონგთან ჯარი გადაჰყავდა.

"ჩვენმა სადაზვერვო სამსახურმა შეგვატყობინა, რომ ჩინეთის მთავრობას ჰონგ-კონგის საზღვართან ჯარი გადაჰყავს. ყველა უნდა იყოს მშვიდად და უსაფრთხოდ!" - წერს ტრამპი.

აღნიშნული Tweet-ის დაწერის შემდეგ მან კონტინენტურ ჩინეთში, ჰონგ-კონგის საზღვრიდან 27 კმ-ით დაშორებულ ქალაქ შენჭენში გადაღებული ვიდეო გააზიარა, სადაც უამრავი სამხედრო ძალა ჩანს. 

გასულ დღეებში სოციალური ქსელის არაერთმა მომხმარებელმა შენჭენიდან არაერთი მსგავსი ვიდეო გააზიარეს, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ იყო. 

მსგავსი ვიდეო გაავრცელა ჩინეთის სახელმფიფო მედიამ Global Times.

უკვე ორ თვეზე მეტია, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტსა და პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებს. აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. 

ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, "არეულობაში" მომიტინგეთა ქმედებებს "ტერორისტული აქტები" უწოდა.

რამდენიმე დღის წინ ჰონგ-კონგის საზღვართან არსებულ ქალაქ შენჭენში, რომელიც კონტინენტური ჩინეთის ნაწილია, არაერთმა ადგილობრივმა უამრავი სამხედრო ძალაშენიშნა. ინფორმაცია დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმაც. არსებობს ეჭვი, რომ პეკინმა, შესაძლოა, აქციები დაარბიოს.

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება.

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, ხელკეტით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც აქ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

აშშ-ისა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი მიმდინარეობს. 10 მაისს აშშ-მა ჩინეთს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები გაუორმაგა. ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაიზარდა სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის თევზზე, ხელჩანთებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და სხვა. ჩინეთი აშშ-ის დაწესებული ტარიფების საპასუხოდ 60 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 1 ივნისიდან ტარიფები გაზარდა.ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ აშშ-მა ჩინეთი უსამართლო ვაჭრობაში დაადანაშაულა და მხოლოდ გასულ წელს ჩინურ პროდუქციას 250 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფები დაუწესა. აშშ ჩინეთს ინტელექტუალური საკუთრების მოპარავაშიც ადანაშაულებს და მოითხოვს შეცვალონ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს უსამართლოდ ანიჭებს უპირატესობას სუბსიდიების სახით.

ჩინეთმა ამას ამერიკულ პროდუქციაზე 110 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფების შემოღებით უპასუხა.

6 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთი "ვალუტით მანიპულატორად" ცნო. ტრამპის ადმინისტრაცია ასევე 300 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე 10%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს.

კომენტარები