რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი

გვარამია: გამჩუმებელი რჩება, დამრჩენი - ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პაატა სალიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს და ჟურნალისტების გათავისუფლებას ეხმაურება. 

გვარამია წერს: 

"გამჩუმებელი - რჩება. დამრჩენი - ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს. გაგრძელებას არ საჭიროებს.

გელოდებით “მთავარ არხზე”.

რუსთავი 2-დან ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესიტაძე დღეს, 20 აგვისტოს გაათავისუფლეს. 

პაატა სალიამ თქვა, რომ ამის მიზეზი ინტერესთა კონფლიქტია, ასევე, მისი თქმით, არხი უნდა გახდეს "არგუმენტირებულად კრიტიკული"

პაატა სალია რუსთავი 2-ის დირექტორის პოსტს 18 ივლისიდან იკავებს. ამ დღეს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

გვარამიამ რუსთავი ორი მას შემდეგ დატოვა, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქიბარ ხალვაშმა არხის დირექტორად პაატა სალია დანიშნა. ტელეკომპანიის დატოვებისდან მალევე გვარამიამ ახალი არხის შემქნა დაანონსა.

9 აგვისტოს ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, საჩივრის საფუძველზე ბრალი წარუდგინეს. 

პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა".

რუსთავი ორის ყოფილმა გენერალურმა დირექტრომა ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია სახელწოდებით, "მთავარი არხი" რეესტრი 17 აგვისტოს დაარეგისტრირა. როგოც თავად თქვა, არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელი და გენერალური დირექტორი თავად იქნება.

კომენტარები