ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგელმა პოლიციელებმა მომიტინგეებს ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნეს [VIDEO]

NY Times

25 აგვისტოს ჰონგ-კონგში პოლიციელებმა აქცია ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით დაარბიეს. პოლიციელებმა მომიტინგეებს ცეცხლსასროლი იარაღიც დაუმიზნეს. 

პოლიციელები ხელკეტებით უპირისპირდებოდნენ მომიტინგეებს, მომიტინგეები კი ჯოხებით. დაპირისპირების დროს რამდენიმე პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა მომიტინგეებს. ერთერთმა შეუიარაღებელმა მომიტინგე პოლიციელს სთხოვა, რომ არ ესროლა, პოლიციელმა კი მას წიხლი კრა. 

დაპირისპირების დროს ერთერთმა პოლიციელმა გაისროლა, თუმცა სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიმდინარე აქციების დროს ეს პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების პირველი შემთხვევა იყო. 

ჰონგ-კონგის ერთერთმა ოპოზიციონერმა შემთხვევა თიანანმენის დარბევის დროს ცნობილ ტანკის კაცს შეადარა.

25 აგვისტოს აქციაზე 36 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 12 წლის ბავშვი.

მომიტინგეთა ნაწილი აგურებსა და მოლოტოვის კოქტეილებს ისროდა.

პოლიციამ ადგილორივ მედიას განუცხადა, რომ მათ მომიტინგეთა გასაფრთხილებლად გაისროლეს, რადგან პოლიციელების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. მათივე თქმით, დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 26 აგვისტოს პოლიციამ დაადასტურა, რომ ექვს პოლიციელს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა, ერთმა კი გაისროლა. 

უკვე მე-13 კვირაა, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტსა და პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებს. აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას. აქციების მიმდინარეობისას მომიტინგეებმა საბოლოოდ 5 მთავარი მოთხოვნა ჩამოაყალიბეს - კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის სრული გაწვევა; საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და თავისუფალი არჩევნები.

ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, "არეულობაში" მომიტინგეთა ქმედებებს "ტერორისტული აქტები" უწოდა. არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. გასულ დღეებში ჰონგ-კოგთან ჩინეთის უამარავი სახმედრო ძალა შენიშნეს.

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, ხელკეტით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც აქ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები