მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება

პრეზიდენტის პრესსამსახური

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი საია-ს ყოფილი თავმჯდომარე და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი იქნება. მამუკა ხაზარაძის თქმით, ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია უახლოეს დღეებში დაფუძნდება.

"ანა მთელი მისი დიდი პროფესიული გამოცდილებით, მტკიცე ხასიათით, ობიექტურობისა და თავისუფლების მაღალი ხარისხით გუნდის ნამდვილი მონაპოვარია. ის ყოველთვის მზად იქნება გაახმოვანოს მოძრაობის სიახლეები, ინიციატივები, გეგმები, შედეგები. ანა უწყვეტ კომუნიკაციაში იქნება მედიასა და საზოგადოებასთან. ჩვენთვის ამ კლასის საზოგადობრივად აქტიური ადამიანის მოსვლა გუნდში დიდი პატივია" - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

თავად ანა ნაცვლიშვილის თქმით კი, ის, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა, აღარ არის საკმარისი.

"მარტო ან თანამოაზრეთა მცირე ჯგუფში ყოფნით ვერ აკეთებ იმას, რაც ყველას ასე ძალიან გვჭირდება: რეალური ცვლილებები და რეალური გამარჯვებები. არსებობს პროფესიული და პიროვნული პასუხისმგებლობა, საჭირო დროს გადადგა საჭირო ნაბიჯი, მე ეს ნაბიჯი გადავდგი და ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას.

ყოველი დღე, რომელიც იკარგება არა წინსვლაში, განვითარებასა და გაძლიერებაში, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევაში, დაპირებების მოსმენაში, რომლებიც არ სრულდება, ყოველი დღე, რომელიც მოქალაქეებს სიღარიბესა და უიმედობაში ტოვებს, არამარტო ჩვენი, არამედ ჩვენი შვილების ხარჯზე, მათი ჯანმრთელობის, სიცოცხლის და მომავლის ხარჯზე დაკარგული დროა. დღეს უამრავი ახალგაზრდა ფიქრობს, როგორ დატოვოს ეს ქვეყანა, რადგან ვერ ხედავს საკუთარი ნიჭის და უნარის აქ რეალიზების შესაძლებლობას. მე როგორც დედას, როგორც მოქალაქეს, ამ ყველაფერთან შეგუების უფლება არ მაქვს, ამიტომ მოგმართავთ თქვენც - ძალების გაერთიანების დროა!

მაყურებლის როლში დარჩენა, როცა ვხედავთ, როგორ ვკარგავთ სახელმწიფოს და უკეთესი მომავლის პერსპექტივას, ვერ იქნება ჩემი არჩევანი. დღევანდელ მოცემულობაში დიდი შეცდომაა ჩვენს შორის განსხვავებებზე ფიქრი, ნაცვლად იმისა, რომ დავინახოთ ფუნდამენტური საკითხები, რაც თითოეულს გვეხება, გვაღელვებს და რომლებსაც ცალცალკე დგომით ვერავინ მოვაგვარებთ.

სწორედ ამ მოძრაობაში ვხედავ რეალურ ძალას და რესურსს, გავარღვიოთ შეცდომების და დანაშაულების მოჯადოვებული წრე და შევქმნათ თვისობრივად ახალი რეალობა: ადამიანის ღირსების აღიარებასა და დაცვაზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელიც მოგვიშუშებს წარსულის იარებს და წინ წაგვიყვანს, საქართველოს და თითოეული ჩვენგანის გამარჯვებისკენ" - წერს ანა ნაცვლიშვილი.

კომენტარები