აფეთქება თურქეთში

თურქეთში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, დიარბაქირის პროვინციაში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა 13 პირი.  

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქდა დანაღმული მიკროავტობუსი. როგორც თურქული მედია წერს, დაშავებულებს შორის ტყეში მომუშავე პირები არიან, ისინი სამსახურში მიდიოდნენ.  

გუბერნატორის ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც მომხდარში ქურთისტანის მუშათა პარტიას ადანაშაულებენ. მათ ადანაშაულებს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც, რომელმაც პირობა დადო, რომ ყველა ზომას მიიღებენ, რათა დამნაშავეები დააკავონ.

ქურთისტანის მუშათა პარტიას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

თურქეთს ქურთისტანის მუშათა პარტია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი. მათ შორის თითქმის 40 წლიან კონფლიქტს 40,000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების. თუმცა, ქურთისტანის მუშათა პარტია ირწმუნება, რომ მათ სამიზნეს არა მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ თურქეთის უსაფრთხოების ძალები წარმოადგენენ.

ამჟამად თურქეთი ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ მასშტაბურ ოპერაციებს ახორიცელებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ერაყში. ქვეყნის შიგნით კი ერდოღანის მმართველი პარტია ხალხთა დემოკრატიულ პარტიას ქურთისტანის მუშათა პარტიის პოლიტიკურ ფრთას უწოდებს და მათ წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის.

გასულ თვეს ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირის ბრალდებით 3 ქალაქის მერი მოხსნეს და 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქების, დიარბაქირის, მარდინის და ვანის მერებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში და ტერორისტული ჯგუფის პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

კომენტარები