NDI: 54% ამბობს, რომ გასულ წელს მკურნალობა გადადო, რადგან ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა

NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, კითხვაზე, გასული წლის განმავლობაში თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს გადაგიდიათ თუ არა მკურნალობა იმის გამო, რომ ფინანსური შესაძლებლობა არ გქონდათ, 54% პასუხობს რომ კი, 45% ამბობს, რომ არა. გასული წლის განმავლობაში საჭირო წამლის შეძენის ფინანსური საშუალება კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 50%-ს არ ჰქონდა, 49% კი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

კვლევის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებებს სრულად მოსახლეობის 26% ენდობა, ნაწილობრივ ენდობა 54%, ნაწილობრივ არ ენდობა 9%, საერთოდ არ ენდობა 8%.

საქართველოში დასმულ დიაგნოზს, კვლევის მიხედვით, სრულად მოსახლეობის 18% ენდობა, ნაწილობრივ 61%, ნაწილობრივ არ ენდობა 12%, საერთოდ არ ენდობა 6%.

მოსახლეობის 25% ამბობს, უგრძვნია რომ ექიმმა არასაჭირო წამალი პირადი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით გამოუწერა, 70% ამბობს, რომ მსგავსი რამ არ უგრძვნია.

მოსახლეობის 41% რთული ოპერაციის გაკეთებას ან მკურნალობის ჩატარებას საქართველოში ამჯობინებდა, 50% კი - საზღვარგარეთ.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები