ოკუპირებული აფხაზეთი

პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო ძალის მოდერნიზაციის დაფინანსებას მხარი დაუჭირა

https://iz.ru

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაფინანსების თაობაზე ე.წ. ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა.

შესაბამისი ბრძანება ოფიციალურ საიტზე გავრცელდა. 

"მივიღე რუსეთის მთავრობის წინადადება, ხელი მოვაწერო შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხარჯების დაფინანსების შესახებ"- წერია ბრძანებაში.  


ფოტო: http://publication.pravo.gov.ru

ცნობისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაფინანსების შესახებ შეთანხმებას, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა, ე.წ. არმიის გენერალმა მირაბ ქიშმარიამ 23 აგვისტოს მიაღწიეს. 

13 სექტემბერს, ამ შეთანხმებას რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა და ხელის მოსაწერად პრეზიდენტ პუტინს გაუგზავნა. ხელშეკრულება ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯარის მოდერნიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას. დაგეგმილია ე.წ სამხედრო სარდლობის სტანდარტების ეტაპობრივად გაზრდა. ე.წ შეიარაღებული ძალების წვრთნა, თანამედროვე ტიპის იარაღით მათი აღჭურვა. თანხა ასევე გამოიყოფა ფულადი დახმარებისა და სხვა სოციალური შეღავათებისთვის. 

შეთანხმების მიხედვით, ყველა საჭირო დოკუმენტი 2019 წლის დეკემბრამდე მზად უნდა იყოს.  

კომენტარები