რობოტიკა

პირველი რობოტი ძაღლი, სახელად სპოტი გაყიდვაში ჩაეშვა - ნახეთ, რა შეუძლია მას [VIDEO]

Boston Dynamics / CNN

რობოტი ძაღლი გაყიდვებში ჩაეშვა. კომპანიამ Boston Dynamics, რომელიც რობოტ ძაღლებს აწარმოებს, სარეკლამო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რობოტი ძაღლის, სახელად სპოტის, შესაძლებლობებია ნაჩვენები. 

ვიდეოში ჩანს, რომ სპოტს სამშენებლო ნივთების აღება და გადაადგილება შეუძლია, ასევე ის მუშაობს წვიმაშიც და შეუძლია, წაქცევის შემთხვევაში, თვითონვე წამოდგეს. 

ვიდეოსა და მის შესახებ გავრცელებული ტექსტიდან, ასევე, ჩანს, რომ სპოტს წამში 1.6 მეტრის სიჩქარით სირბილი შეუძლია, აქვს 360-გრადუსიანი კამერა, რომელიც მას სრულყოფილ ხედვას ანიჭებს, არის წყალგაუმტარი და შეუძლია -20 გრადუსიდან 45 გრადუს ცელსიუს ტემპერატურამდე ოპერირება. 

სამწუხაროდ, მათთვის, ვისაც რობოტი შინაური ცხოველის ყოლა სურს, სპოტი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. Boston Dynamics-ის ცნობით, მისი ყიდვა მხოლოდ იმ მომხმარებლებს შეუძლიათ, რომლებსაც სპოტის გამოყენება მშენებლობებისთვის, გაზისა და ელექტრომოწყობილობების სადგურებზე. იმისათვის, რომ ამ ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებმა სპოტის შეძენა შეძლონ, მათ საიტზე აპლიკაცია უნდა შეავსონ. 

საიტზე რობოტი ძაღლის ფასი მითითებული არ არის, თუმცა რობოტიკოსები ვარაუდობენ, რომ ის, დაახლოებით, იმდენივე ეღირება, რამდენიც ახალი მანქანა. 

Boston Dynamics-მა სპოტი პირველად 2015 წელს წარადგინა, როდესაც ის ჯერ კიდევ განვითარების პროცესში იყო. პირველი ვიდეო ვირუსული გახდა. მხოლოდ კომპანიის გვერდზე მას 22.7 მილიონი ნახვა ჰქონდა, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა გვერდებზე განთავსებულ იმავე ვიდეოზე, სადაც ასევე მილიონობით ნახვას აგროვებდა. 

სპოტს უმცროსი "ძმაც" ჰყავს, სახელად მინი სპოტი, რომელიც ორ ფეხზე დგას და მისი ზომა,  დაახლოებით, 0.76 მეტრია. მას შეუძლია გადატრიალდეს, ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩაალაგოს, გააღოს კარები და თავის პატრონს მაცივრიდან ცივი სასმელი გამოუტანოს. კომპანიის ცნობით, მინი სპოტი, უფროსი ძმის მსგავსად, გაყიდვაში 2019 წელს ჩაეშვება. 

კომენტარები