ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ყველა რაიონში გავხსნით ფრონტ ოფისებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ

ირაკლი ღარიბაშვილი
იმედი

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ახალწვეულთა რეფორმის ფარგლებში საქართველოს ყველა რაიონში თავდაცვის სამინისტროს ოფისები გაიხსნება, სადაც რეკრუტის, სამობილიზაციო სამსახურის და სხვა ფუნქციები ერთი ფანჯრის პრინციპით განთავსდება. 

თავდაცვის მინისტრმა ეს ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა. 

"ჩემი იდეა არის, რომ ერთ წელიწადში მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ ეს პრობლემები [ინფრასტრუქტურა ჯარის ნაწილებში] და შემდეგ, წვევამდელების რეფორმას მე დავაანონსებ და ვრცლად ვისაუბრებ უახლოეს მომავალში - არსებობს იდეა, რომ ყველა რაიონში გავაკეთოთ თავდაცვის სამინისტროს ფრონტ ოფისები, "ვემსახურები საქართველოს" იდეის ქვეშ. 

ჩვენ ვფიქრობთ გაწვევის სამსახურის​ რეკრუტის, ასევე სამობილიზაციო სამსახურის ერთ სივრცეში მოქცევას.

ასევე, ჩვენ ჩავრთავთ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციას - ეს იქნება ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაფერისი ცენტრი, რომელიც ამავდროულად, გაზრდის ჩვენი ჯარის პოპულარიზაციას და აამაღლებს ცნობადობას საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მე მინდა, განსაკუთრებული ჩართულობა იყოს ბავშვების, ბაღის და სკოლის მოსწავლეების, რათა მათ ნახონ, რა ხდება რეალურად ჯარში. 

მინდა, რომ მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენს სამინისტროში სრული გამჭვირვალობა იყოს. მე სრულად ჩავრთავ მედიასა და ყველა დაინტერესებულ პირს და ყველას ვაჩვენებ, თუ რას ვაკეთებთ და რის გაკეთებას ვგეგმავთ 2020 წელს", - ამბობს ღარიბაშვილი. 

მას შემდეგ, რაც სამთავრობო ცვლილებების დროს ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინა, მან სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმა დააანონსა. 

ის გეგმავს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში 18-დან 50 წლამდე კაცები, დაახლოებით 785 000 ადამიანი გადაამზადოს და რეზერვი მოამზადოს. მან პარტია გირჩის რელიგიურ ორგანიზაციას "ბიბლიური თავისუფლება" სექტა უწოდა. "ბიბლიური თავისუფლება" ახალგაზრდებს მღვდელმსახურად აკურთხებს, რის საფუძველზეც ისინი სავალდებულო სამხედრო სამსახურს არ გადიან.

კომენტარები