აშშ-ის უისკონსინის შტატში ქალაქ გრინ-ბეიში 75 წლის მოხალისე ტერი ლაუერმანი ადგილობრივ ცხოველთა თავშესაფარს ყოველდღე სტუმრობს და იქ მყოფ კატებთან იძინებს ხოლმე.
"მას, დაახლოებით, ერთი საათი ძინავს, შემდეგ იღვიძებს და კატებს ცვლის," - აღნიშნა Safe Haven Pet Sanctuary-ის დამფუძნებელმა ელიზაბეთ ფლედჰაუსენმა.
მისი თქმით, ლაუერმანი ცხოველთა თავშესაფარში პირველად 6 თვის წინ მივიდა - "ის უბრალოდ შემოვიდა და კატის ბეწვის დავარცხნა დაიწყო."
ლაუერმანს არასოდეს უთხოვია მოხალისეობა, თუმცა ამჟამად ის ოფიციალურ მოხალისედ არის დარეგისტრირებული. ლაუერმანი ინვალიდ კატებს სტუმრობს და მათთან, საშუალოდ, სამი საათის მანძილზე რჩება.
ცხოველთა თავშესაფარის Facebook გვერდზე ლაუერმანს პოსტი მიუძღვნეს - "ჩვენ იღბლიანები ვართ, რომ ტერისნაირი ადამიანი გვყავს. ტერი ერთ დღეს უბრალოდ მოვიდა და თქვა, რომ კატების დავარცხნა სურდა. საბოლოოდ, ეს ყოველდღიურად გაგრძელდა... მას ხშირად ეძინება ხოლმე მათთან ერთად. ჩვენ ეს არ გვაღელვებს - კატებს ეს სჭირდებათ! ტერი არაჩვეულებრივი მოხალისეა".