ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში ნიღბების ტარება აკრძალეს

AFP

შვიდთვიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ჰონგ-კონგში ნიღბების ტარების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს.  

ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის თქმით, "ძალადობა ქალაქს ანადგურებს", ამიტომ, "ყურადღების არ მიქცევა სიტუაციას გაართულებს". მისივე თქმით, ავტონომიურ რეგიონში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდება. აკრძალვა 5 ოქტომბრიდან შევა ძალაში.   

ჰონგ კონგში 7 თვეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია 1 ოქტომბერს, ჩინეთში კომუნისტური პარტიის მმართველობის დამყარებიდან 70 წლისთავზე გაიმართა. აქციის მონაწილეებს პოლიციელები დაუპირისპირდნენ. დაშავდა 15 ადამიანი. პოლიციელმა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ესროლა.

ივნისის თვეში ჰონგ-კონგში პროდემოკრატიულ აქციები კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო და ქალაქში პეკინის გაზრდილი გავლენის პროტესტით გრძელდება. 

4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევა საჯაროდ დააანონსა.

თუმცა, ეს ჰონგ-კონგელი აქტივისტების ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. "5 მთავარი მოთხოვნა, არც ერთით ნაკლები" - საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მთავრობის ქმედებისა და პოლიციის ძალის გადამეტების შედეგად პროტესტი ექსტრადიციის საკითხს გაცდა და მომიტინგეებმა საბოლოოდ კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაამატეს - თავისუფალი არჩევნები; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა..

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები