პრეზიდენტის შეწყალება

კახიძე: საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, ვის იწყალებს საქართველოს პრეზიდენტი

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მკვლელობაში მსჯავრდებულებთან ერთად, არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში მსჯავრდებულიც შეიწყალა. 

კახიძე ამბობს, რომ შეწყალების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს და მოქალაქეებს არ უნდა სჭირდებოდეთ მკითხაობა იმის დასადგენად, თუ ვინ ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული, რამდენი წელი ჰქონდა მას მისჯილი და რა გარემოებაში ჩაიდინა ის. 

"საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, ვის იწყალებს საქართველოს პრეზიდენტი. უმძიმესი დანაშაულების შესახებ ვიგებთ ჩვენ. ის მუხლები, რომლებიც ეხება ამა თუ იმ მსჯავრდებულს, არის ძალიან მძიმე. მკვლელობა, განზრახ მკვლელობა, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი. ეს არის ისეთი ტიპის დანაშაულები, რაზეც საზოგადოების ინფორმირება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

პრეზიდენტი უკანონოდ, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ საზოგადოებას უმალავს ინფორმაციას მის მიერ შეწყალებული ადამიანების თაობაზე,"- ამბობს კახიძე მთავარ არხთან. 

რადიო თავისუფლების მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტმა არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში მსჯავრდებული შეიწყალა

კერძოდ, რადიო თავისუფლებამ ადმინისტრაციას მიმართა წერილით, რომლითაც გამოითხოვეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით გასამართლებული პატიმრები შეიწყალა პრეზიდენტმა. 

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხიდან ირკვევა, 17 დეკემბრიდან 27 აგვისტომდე პერიოდში პრეზიდენტმა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რაც "16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას" გულისხმობს. 

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ადამიანების სია აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე ზურაბიშვილმა პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე შეიწყალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძეც შეიწყალა, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. 

პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა. 

მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ორი პირის შეწყალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ კი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება". 

წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ შეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს. 

ევროპული საქართველოს წყაროს ინფორმაციით კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  ეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საშუალებითა და შუამდგომლობით გვარდება. პარტია ამ ინფორმაციის ნამდვილობის გამოძიებას გენერალურ პროკურატურას სთხოვს და ამისთვის ერთთვიან ვადას აძლევს. თუ ერთი თვის შემდეგ პროკურატურას კითხვებზე პასუხი არ ექნება, პარტია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს. ევროპული საქართველოს ლიდერებმა 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ მათი წყარო საადვოკატო წრეებთან არის დაკავშირებული.

23 სექტემბერს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ პირდაპირ არ თქვა, მაგრამ მიანიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სია ანგი ხუციშვილმა გადასცა. გაბუნიამ მხოლოდ მისი ამჟამინდელი თანამდებობა დაასახელა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამის გარკვევა არ გაუჭირდებათ.

ვინ არის ანგი ხუციშვილი დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები