თურქეთი-სირია

ერდოღანი: სირიის ჩრდილოეთით ტერორისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
EPA

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო:

"თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, სირიის ეროვნულ არმიასთან ერთად, ახლახანს დაიწყეს ქურთისტანის მუშათა პარტიის/ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ #ოპერაცია მშვიდობის გაზაფხული. ჩვენი მიზანია შევაჩეროთ ტერორისტების დერეფნების შექმნა ჩვენს სამხრეთ საზღვარზე და ტერიტორიაზე მშვიდობის დამყარება.

#ოპერაცია მშვიდობის გაზაფხული გაანეიტრალებს ტერორისტულ საფრთხეს, რომელიც თურქეთს ემუქრება და მოიტანს უსაფრთხო ზონის შექმნას, რათა ხელი შევუწყოთ სირიელი მიგრანტების სახლებში დაბრუნებას. ჩვენ დავიცავთ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და გავათავისუფლებთ მოსახლეობას ტერორისტებისაგან." წერს ის.

პირველი საჰაერო დარტყმები ქალაქ რას ალ-აინზე განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთმა სირიის საზღვართან სამხედრო დანაყოფების რაოდენობა გაზარდა. თურქეთის სასაზღვრო ქალაქ აკჩაკალეს მიმართულებით ჯავშანტექნიკის კოლონა დაიძრა.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანაშემწემ თქვა, რომ ჯარები სირიაში უახლოეს მომავალში შევლენ, რათა "თურქეთის მოქალაქეებისათვის დიდი ხნის განმავლობაში არსებული საფრთხე გაანეიტრალონ". მისივე თქმით, ქურთ მებრძოლებს შეუძლიათ ტერიტორია დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთი მათ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ხელის შეშლის უფლებას არ მისცემს.

სირიის დემოკრატიულ ძალებში ამბობენ, რომ რეგიონი შესაძლო ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. რეგიონში ქურთული ძალების ხელმძღვანელობა მოსახლეობას ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში მობილიზაციისაკენ მოუწოდებს.

პენტაგონმა განცხადება გაავრცელა. "სამწუხაროდ, თურქეთმა ერთპიროვნული ქმედებები გადაწყვიტა" ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკელი სამხედროები რეგიონიდან მათი უსაფრთხოების უზრუვნელყოფისათვის გაიყვანეს, თუმცა ისინი სირიას არ ტოვებენ.

თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ ტრამპსა და ერდოღანს შორის შეხვედრა ვაშინგტონში 13 ნოემბერს გაიმართება.

გუშინ თურქეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ თურქეთმა უკვე განახორციელა თავდასხმა სირია-ერაყის საზღვარზე, იმისთვის, რომ ერაყიდან ქურთული ძალების გაძლიერებისათვის ხელი შეეშალა. დარტყმების მიზანს ერაყისა და სირიის დამაკავშირებელი იმ გზის დაბლოკვა წარმოადგენდა, რომელსაც ქურთი მებრძოლები იყენებენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირას მიიღო გადაწყვეტილება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად განლაგებული ამერიკული ჯარი გამოეყვანა.

აშშ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ საკუთარი “დიდი და სწორუპოვარი სიბრძნით” იხელმძღვანელებს და თურქეთს წითელი ხაზების გადაკვეთის შემთხვევაში ეკონომიკურად გაანადგურებს.

თურქეთი ქურთულ სახალხო დაცვის შენაერთებს, რომლებიც სირიის დემოკრატიული ძალების დიდ ნაწილს შეადგენენ, ქურთისტანის მუშათა პარტიის ნაწილად მიიჩნევს და შესაბამისად ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ბოლო წლებში არაერთი სამხედრო ოპერაცია განახორციელა სირიის ტერიტორიაზე, ამ დრომდე რეგიონში, სადაც ამერიკული ძალები სირიის დემოკრატიულ ძალებთან და მასში შემავალ ქურთულ დანაყოფებთან ერთად იყო განთავსებული სამხედრო მოქმედებებისაგან თავს იკავებდა.

ამჯერად თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონის შექმნას და ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას გეგმავს, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

სამხედრო ოპერაციის არსებული გეგმა შეზღუდულ მოქმედებებს მოიცავს საზღვრის მიმდებარედ 100 კილომეტრში, სადაც ძირითადად არაბებით დასახლებული ქალაქები მდებარეობს, მათ შორის თალ აბიადი და რას ალ-აინი. ამერიკული ძალები ამ ტერიტორიიდან უკვე გავიდნენ.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ თურქეთს ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო მოქმედებებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა.

ირანის სახმელეთო ძალებმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, თურქეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რომელიც მანამდე დაანონსებული არ იყო.

ირანი სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს უჭერს მხარს. როუჰანის მიაჩნია, რომ სირიელმა ქურთებმა ასადის ძალებს უნდა დაუჭირონ მხარი.

აშშ-ის ჯარების გამოყვანის თაობაზე ტრამპის გადაწყვეტილებაზე, თურქეთის სამხედრო ოპერაციაზე, რეგიონში ირანის როლსა და სირიაში არსებულ სიტუაციაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები